რამდენად ჯანსაღია თბილისის ურბანული პოლიტიკა?
მრავალსართულიანი და ქაოტური მშენებლობები ხშირად დედაქალაქის ურბანულ, ეკოლოგიურ და კულტურულ გარემოს აზიანებს.
პროექტი, რომელსაც ურბანული კვლევების ცენტრი (URC) ახორციელებს, სწორედ თბილისის კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და ურბანული განვითარების სისტემებში არსებულ ხარვეზებს გამოავლენს. მიმდინარე წლის მანძილზე, ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით, პროექტი „ცირკიდან-საქანელამდე: მტკვრის მარჯვენა სანაპიროს ურბანული გამოწვევები“ საკითხს ცირკსა და რესპუბლიკის მოედანს შორის მოქცეულ არეალში დაგეგმილი მასშტაბური სამშენებლო პროცესების მაგალითზე შეისწავლის.
საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, პროექტის შეფასების დოკუმენტი და შესაბამისი საილუსტრაციო მასალა ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება. დასკვნითი ეტაპისთვის დაგეგმილია შეხვედრები, სადაც დაინტერესებულ საზოგადოებასა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს კვლევის მიგნებებისა და რეკომენდაციების გაცნობის შესაძლებლობა ექნებათ.