უსახლკარობა, სახელმწიფოს არაღიარებული პრობლემა

25.03.2019

უსახლკარობა საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან არაღიარებული პრობლემაა. დევნილობისა და ომის შედეგად დაზარალების ნიშნის მიღმა, სოციალური პოლიტიკა ვერ პასუხობს ადამიანების საჭიროებას, ვინც ღია ცის ქვეშ დარჩა ოჯახური ძალადობიდან თავის დაღწევის შედეგად, ან შეზღუდული შესაძლებლობის, ხანდაზმულობის ან სხვა ნიშნით, ან ადამიანებს, რომელთაც სრულწლოვანების მიღწევის მომენტიდან (18 წლიდან) მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა დაწესებულების დატოვება უწევთ.

ღია საზოგადოების ფონდის წარმომადგენელი ანანო ცინცაბაძე და სოციალური პოლიტიკის ექსპერტი თათული ჭუბაბრია რუსთავი 2 “დილა მშვიდობისა საქართველოს” ეთერში საუბრობენ სახელმწიფოს პოლიტიკაზე უსახლკარო ადამიანების მიმართ.

***

ღია საზოგადოების ფონდი ბოლო რამდენიმე წელია საქართველოში უსახლკარობისა და სათანადო საცხოვრისის საკითხზე მუშაობს, რაც სახელმწიფოს მხრიდან დღემდე არაღიარებულ პრობლემად რჩება. 2017 წელს, ფონდის დაფინანსებით უსახლკარობის მიზეზებისა და საბინაო პოლიტიკის შესახებ პირველი კვლევები ჩატარდა, რამაც შექმნა საფუძველი, რომ სახელმწიფოს საკითხის შესახებ მუშაობა დაეწყო. 2018 წელს, ფონდის ადვოკატირების შედეგად, საქართველოს მთავრობამ ღია მმართველობის სამოქმედო გეგმით აიღო ვალდებულება, შეიმუშავოს ეროვნული საბინაო პოლიტიკა. ამ მიმართულების ფონდის პარტნიორი ორგანიზაციაა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC).