ვენეციის კომისიამ, რომლის რეკომენდაციებსაც ბოლო პერიოდში ხელისუფლება არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკის საწინააღმდეგო არგუმენტად იშველიებდა, სამოქალაქო საზოგადოების პოზიცია გაიზიარა. ღია საზოგადოების ფონდის ადამიანის უფლებების პროგრამის მონაწილეობით ვენეციის კომისიას და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ბიუროს არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოსამართელა შერჩევის კანონპროექტის საკუთარი შეფასება მარტში გაუგზავნეს.
16 აპრილს გამოქვეყნებული შეფასებით ვენეციის კომისია 18-20 მოსამართლის დანიშვნას პრაქტიკულად ახალი სასამართლოს შექმნად მოიაზრებს და ამ პროცესს “უცნაურ სიტუაციად“ აფასებს.
„ქვეყნების უმრავლესობაში, მოსამართლეთა დანიშვნა – განსაკუთრებით უზენაესი სასამართლოს – არათუ წლების, ზოგჯერ ათწლეულების მანძილზეა გადანაწილებული.“ შესაბამისად, მოუწოდა სახელმწიფოს, რომ დანიშნოს მხოლოდ კრიტიკულად აუცილებელი მოსამართლეები იმისათვის, რომ ამ პროცესს რამე სახის ნდობა შერჩეს.
საკვალიფიკაციო გამოცდა უნდა გაუქმდეს. „პროფესიული კვალიფიკაციის მქონე პირი არ უნდა იყოს იძულებული გაიაროს გამოცდა, რათა დაამტკიცოს, რომ მას შეუძლია გამოიყენოს კანონი, რაც უზენაესი სასამართლოს მუშაობის არსია.“
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევასა და ნომინირებაში არ უნდა მონაწილეობდეს კონკურსში ჩართული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი. უფრო მეტიც, ინტერესთა კონფლიქტში უნდა მოიაზრებოდეს საბჭოს წევრის მეუღლე ან ახლო ნათესავი კანდიდატი.
ფარული კენჭისყრა უნდა გაუქმდეს, რადგან „ის იძლევა საშუალებას, გადაწყვეტილბა დაეფუძნოს გარე გავლენებს და არა ობიექტურ კრიტერიუმებს, რომელთა საფუძვლეზეც უნდა შეფასდეს თითოეული კანდიდატი.
გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულება: „არ არსებობს ნორმა, რომელიც დაავალდებულებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, კანდიდატებს აცნობოს, მათი შეურჩევლობის მიზეზები. ეს უკანასკნელი კი იმას ნიშნავს, რომ დეტალურად გაწერილი პროცედურისა და კრიტერიუმების მიუხედავად, კანდიდატს არ აქვს არანაირი საშუალება, დაადგინოს ან გაასაჩივროს თუ რა არგუმენტებზე დაყრდნობით მიიღო გადაწყვეტილება საბჭომ.“
ნახეთ კომისიის დასკვნა.