ჩვენი ავარელები

20 დეკ, 2018

დიდი ხნის წინ, ჩემმა იმ დროს მომავალმა დედამთილმა, საქორწინო მოგზაურობისას დაღესტანში ნაყიდი მძივი მაჩუქა. საქორწინო მოგზაურობაში მაინცდამაინც დაღესტანში რამ წაიყვანა, გავიფიქრე, მაგრამ მძივი ძალიან მომეწონა. დღემდე ჩემი უსაყვარლესი სამკაულია. ეს იყო ჩემი პირველი შეხება „ლეკებთან“ და თურმე დიდი love story-ს დასაწყისი.

ჩემი დედამთილი ექიმია. შავ-ბნელი 90-იანების დასაწყისში, კახეთში, ყვარლის რაიონში გაუგრძელებია საექიმო პრაქტიკა. ეს ის დროა, როდესაც ეთნიკური ქართველების გარკვეული ნაწილი ეთნიკურად არაქართველ და/ ან არამართლმადიდებელ თანამოქალაქეებს დაუპირისპირდა და მიაჩნდა, რომ საქართველო მხოლოდ ქართველებისა უნდა ყოფილიყო. ასე აღმოჩნდნენ კახეთში – თივში, ჩანტლისყურეში, სარუსოსა და თხილისწყაროში მცხოვრები, ადგილობრივების მიერ ლეკებად მოხსენიებული ავარელები აგრესიის ქარცეცხლში.

დღესაც ტრავმულად ახსენდებათ ავარელებს ის მძიმე დღეები, როცა მეზობელი სოფლების ქართველები რამდენიმეკვირიან პიკეტირებებს აწყობდნენ, რომ „ლეკთა“ სოფლამდე სურსათს არ მიეღწია, ქართველი ექიმები კი ავარელ პაციენტებს არ იღებდნენ…

ერთხელ, სოფელში ბავშვი გახდომიათ ძალიან ავად და ქართველი ექიმების უარის შემდეგ, ვიღაცის რჩევით, ავადმყოფი ჩემს დედამთილთან მიუყვანიათ. მას, ცხადია, ყველა ღონე უხმარია ბავშვის გამოსაჯანმრთელებლად და მას მერე, ავარელებისთვის, განსაკუთრებით, თიველებისთვის, ის გამორჩეულად საპატიო ადამიანი გამხდარა.

ვინ არიან ავარელები?

2014 წლის აღწერით, ყვარლის რაიონის სამ სოფელში – თივში, ჩანტლისყურესა და სარუსოში დაახლოებით სამი ათასი ქართველი ავარელი ცხოვრობს. მათი „ეთნიკური სამშობლო“ დაღესტანია.

ავარელი ქალები, ფოტო: ცისანა გოდერძიშვილი

ავარელებმა ქართულიც და რუსულიც იციან და ამასთან, მშობლიურ ენებს ინარჩუნებენ. თემის რელიგია სუნიტური ისლამია.

90-იან წლებში, ქართული ნაციონალისტური ძალების ზეწოლის შედეგად, ავარელთა თემი იძულებით ეთნიკურ სამშობლოს დაუბრუნდა. საქართველოში, ძირითადად, მოხუცები დარჩნენ.

ავარელთა სოფლების პრობლემები ბევრი ნიშნით მათი მეზობელი ქართული სოფლების პრობლემებს ჰგავს: სოფლის მეურნეობა საკმარის შემოსავალს არ იძლევა, გავრცელებულია სიღარიბე და უმუშევრობა, შრომისუნარიანი მოსახლეობა ქალაქში ან საზღვარგარეთ ეძებს შემოსავლის წყაროს. მაგრამ უმცირესობის თემის ჩაკეტილობა და გაუცხოება დამატებით პრობლემებს აჩენს, რაც ამცირებს მათი მხრიდან საზოგადოებაში წარმატების მიღწევის პერსპექტივას.


დღემდე ცოცხალი სტერეოტიპები

რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების მიმართ განსაკუთრებული ინტერესი მაქვს. 2003 წლიდან ინტეგრაციის საკითხებზე ვმუშაობ. ხშირად სხვადასხვა ღონისძიებას ვესწრები და ყოველთვის მიკვირს, ავარელებს რომ არსად ახსენებენ – არც კვლევებში, არც კონფერენციებზე…

ვინ არიან? რა პრობლემები აქვთ? მათით არავინ ინტერესდებოდა. თუ სადმე სტატიას ან ფილმს ნახავდით, ისიც მხოლოდ ავარელების კულტურას, ფერად შარფებს, ლამაზ გოგოებსა და ცეკვებს ეხებოდა, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესოა, მაგრამ, თემის იზოლაციის პრობლემას არ წყვეტს და არც საზოგადოების დანარჩენ ნაწილში მათ ინტეგრაციას უწყობს ხელს.

ქართველ ადგილობრივ თემშიც კი ახალგაზრდებმა თითქმის არაფერი იცოდნენ მეზობელ ლეკებზე, გარდა იმისა, რომ კვირაობით ბაზარში მათგან კარგი ყველისა და სხვა პროდუქტების ყიდვა შეიძლება და კიდევ ის, რომ მუსლიმები არიან. უფროსები 90-იან წლებსაც იხსენებდნენ, როდესაც „ყველა ყველას ერჩოდა“. იმ დროს ძალიან ბევრი „ლეკი“ წავიდა მახაჩკალაში და ახლა ცოტანიღა დარჩნენო. ასეა თუ ისე, დღესდღეობით ნორმალური ურთიერთობა გვაქვსო…

მეგობრებთან ერთად, ჯერ მოხალისედ ვცადე ავარელი და ქართველი ახალგაზრდების დაკავშირება, იმ იმედით, რომ ერთმანეთისადმი უარყოფითი განწყობები დაემსხვრიათ. ექვსი შეხვედრა ჩავატარეთ და ეთნიკურად ქართველებით დასახლებული ორი მეზობელი სოფლის თივის და გავაზის ახალგაზრდებს სახალისო და საინტერესო თემებზე ვესაუბრეთ, ბევრი ვითამაშეთ, დავმეგობრდით…მალე მივხვდით, რომ ეს არ იყო საკმარისი მყარი ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად.

ჩემი „ენჯეოშნიკური“ საქმიანობის ერთ-ერთი „უსაყვარლესი“ პროექტი ღია საზოგადოების ფონდის დახმარებით დავიწყე, რომლის მიზანი ავარელი და ქართველი ახალგაზრდების დამეგობრება იყო. თანდათან მივედით იქამდე, რომ ქართველ ახლაგაზრდებს პატივისცემა გაუჩნდათ ისლამის მიმართ, ორივე მხარეს იმატა თავდაჯერებულობამ, ფრთხილად, მაგრამ ღიად ალაპარაკდნენ დღემდე ტაბუდადებულ თემებზეც, როგორიცაა ნაადრევი ქორწინება, რელიგიური დაპირისპირება, სიტყვის თავისუფლება.

პროექტი კომპლექსური იყო. ინტეგრაციის შემაფერხებელი ფაქტორების კვლევისას, ავარის თემში არსებულ რიგ პრობლემებს მივაგენით: 25 წლის წინანდელი მძიმე ამბების დიდი ნაწილიც აქედან გავიგეთ და ავარელების ქართულ საზოგადოებაში ინტეგრაციის დიდი სურვილიც, თუმცა რელიგიის, ძველი ჩვეულებების, დაცინვისა თუ აგრესიის შიშით, საქართველოს სრულფასოვანი მოქალაქეობა ნაკლებად რეალურ პერსპექტივად ესახებათ. მაგალითად, გოგონები ჰიჯაბს მხოლოდ შინ ატარებენ, გარეთ გამოსულები კი იხსნიან სირცხვილისა და საზოგადოებისგან გადაჭარბებული ინტერესისგან თავდაცვის მიზნით.

ზოგიერთ მშობელს მიაჩნია, რომ მეცხრე კლასის შემდგომი განათლება გოგოებისთვის ზედმეტია, რომ მათი მომავალი ოჯახის შექმნა და შვილების აღზრდაა. გოგონების წარმოდგენა კი მხოლოდ ოჯახური პასუხისმგებლობის ფარგლებს სცდება და ისინი ოცნებობენ ჟურნალისტობაზე, რეჟისორობაზე, პილოტობაზე, მთელი გულით გულშემატკივრობენ ქართულ რაგბის და საქართველოზე საუბრისას ამბობენ: „ჩვენ“, „ჩვენთან“, „ჩვენები“, მაშინ როცა ეთნიკური ქართველები ჯიუტად და ხაზგასმით უმეორებენ: „თქვენ“, „თქვენთან“ „თქვენები“….

 

ახალგაზრდები დღეს

ავარელი ქალი, ფოტო: ცისანა გოდერძიშვილი

14 წლის ავარელ ხალიბეგ მაგამედოვს სამშობლოდ საქართველო მიაჩნია და ჟურნალისტის პროფესიის დაუფლებაც საქართველოში სურს. ის ავარელებით დასახლებულ ყვარლის სოფელ თივში ცხოვრობს, იქ გაიზარდა ქართველ ბავშვებთან ერთად, მათთან არის ინტეგრირებული, რელიგია და ეთნოსი ამაში ხელს არ უშლის, მაგრამ შიშობს, რომ სამშობლოში სწავლას ვერ შეძლებს.

“ხშირად მეუბნებიან: საქართველოში შენ ამას ვერ შევძლებ. განათლება რომ მიიღო, მაინც ვერ დასაქმდებიო. ხალხის ასეთმა დამოკიდებულებამ სიმართლე გითხრათ, მეც შემაშინა, მაგრამ ჩემი საქართველოს იმედი მაქვს- ამბობს ხალიბეგი.

საკუთარი სოფლის აღწერისას ხალიბეგი ისტორიით იწყებს და ყვება, თუ როგორ მოხვდნენ ავარელები ყვარლის მუნიციპალიტეტში.

„ყველაფერი 1895 წელს დაიწყო, როცა ავარიელმა პოლკოვნიკმა, გუბერნატორს, ალაზნის ველის მარცხენა ნაპირზე, ტერიტორიის გამოყოფა მოთხოვა, თანხმობაც მიიღო და ყვარლიდან 17 კილომეტრის დაშორებით, თავისი ეთნოსის წარმომადგენლებთან ერთად, საძოვრების ათვისება დაიწყო. საძოვრების ათვისებას, მეცხოველეობის განვითარება და სოფლის გაშენება მოყვა და ასე დამკვიდრდნენ ლეკები თივში.
2014 წლის მონაცემებით, სოფელში 327 ადამიანი ცხოვრობდა, თუმცა დღესდღეობით, თივში მოსახლეობის კლება აშკარად შეინიშნება, ისინი ძირითადად, რუსეთსა და დაღესტანში მიდიან, მიზეზად უმუშევრობას ასახელებენ” – ამბობს ხალიბეგი.

უმუშევრობას უჩივიან ისინიც, ვინც საკუთარი სახლ-კარი არ მიატოვა. შემოსავლის ძირითად წყაროდ კვლავ მესაქონლეობა რჩება. თივის მცხოვრებლებს მიაჩნიათ რომ, სამშობლოში ცხოვრობენ. რწმენით მუსლიმები, დღემდე ინარჩუნებენ თავიანთ ადათ-წესებს. მეზობელ ქართველებთან კარგი ურთიერთობა აქვთ. ავარელი და ქართველი ბავშვები განათლებასაც ერთად იღებენ.

ხალიბეგი სოფლის განსაკუთრებულ პრობლემებად სუფთა წყლის არქონას და უკონტროლოდ დაყრილ ნარჩენებს მიიჩნევს. მისი თქმით, ადგილობრივები ნაგვისთვის გამოყოფილი ადგილის არარსებობის პირობებში, იძულებულნი არიან გარემო დააბინძურონ. სოფელში სუფთა წყალი თითზე ჩამოსათვლელ ოჯახს აქვს. დანარჩენები კი წყალს მდინარე ავანისხევიდან, ტრადიციული თუნგებით ეზიდებიან. ხალიბეგს ლეკების მიერ შენახული მისი სოფლის ადათ-წესები განსაკუთრებით ეძვირფასება. ერთ-ერთი ასეთი ტრადიცია, როგორც თვითონ უწოდებენ – “ლახტაობა”ან”სიმინდობა” ყოფილა.

„ეს არის ძალიან მხიარული დღესასწაული, ტრადიციული მოხარშული სიმინდითა და ასევე მხიარული, მაგრამ ცოტათი მტკივნეული თამაშით, სახელად – “ლახტაობა”. ამ ძველი ტრადიციით, ავარელები აღნიშნავენ, გაზაფხულის დადგომას“ – ამბობს ხალიბეგი, რომელიც 21 აგვისტოს, თივში გამართულ, ტრადიციად ქცეულ ქართულ ჭიდაობაზე, საკუთარ სარწმუნოებაზე, თივის ლამაზ ბუნებაზე, ქალების ლამაზორნამენტებიან ჩაცმულობაზე, ხალხის იმედიან და ღიმილიან მისალმებაზე, აღტაცებით ყვება.

და ბოლოს…

ავარელებს მართლაც აქვთ ძალიან ლამაზი სამკაულები, თავსაფრები, ლამაზად ნაქსოვი წინდები, საინტერესო ტრადიციები, მრავალფეროვანი სამზარეულო, კარგად ცეკვავენ, მღერიან. უყვართ ასტრიდ ლინდგრენი, ძალიან მაგრად თამაშობენ ფრენბურთს, ინსტაგრამზე აქვთ გვერდი, სადაც მათით დასახლებული სოფლების ულამაზესი ფოტოებით იწონებენ თავს.

გოგონებს მოსწონთ კორეული პოპი, წიგნის ილუსტრაციების კეთება, ბიჭების ნაწილი ჭიდაობას ტომ სოიერის კითხვას ამჯობინებს. ქალები ერთად რომ სხდებიან, ძალიან, ძალიან კარგად ხუმრობენ, ეფლირტავებიან თავიანთ ქმრებს, კაცებიც თვალების ჟუჟუნით ხვდებიან მათ გამოწვევას. მოკლედ, ჩვენს შორის საერთო ბევრია…

მაგრამ, ჩვენ ეს არ ვიცით, რადგან ისინი არ ჩამოდიან თბილისში, თუნდაც თელავსა თუ ყვარელში სასწავლებლად ან, ზოგადად, საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩასართავად. აზრადაც არ მოსდის ეს თუ შესაძლებელია, რომ აქ არ ემტერებიან და მათთვისაც ხელმისაწვდომია ყველაფერი, რაც საქართველოს ყველა მოქალაქეს ეკუთვნის.

ელენე ნოდია

 

 

ღონისძიებათა ნაწილი განხორციელდა ღია საზოგადოების ფონდის ეროვნული ინტეგრაციის პროგრამის მხარდაჭერილი პროექტის “ავარელი და ქართველი ახალგაზრდების სამოქალაქო ინტეგრაციის გაძლიერება” ფარგლებში განხორციელდა. ელენე  როგორც დამოუკიდებლად, ასევე ფონდის დახმარებით სწავლობს და წვლილი შეაქვს ავართა თემის განვითარებაში.