მოძრაობა “ეს შენ გეხებას” და კოალიციის “მედიის ადვოკატირებისათვის” წევრმა არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებმა პრესკონფერენცია გამართეს და მოუწოდეს ცესკოს, კიდევ ერთხელ გადახედოს 24 სექტემბერს მიღებულ დადგენილებას, რომელიც არჩევნების დღეს (1 ოქტომბერი) საარჩევნო უბნებზე ფოტო-ვიდეო გადაღებას ზღუდავს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ორგანიზაციები სასამართლოს მიმართავენ. 25 სექტემბერს მედიაორგანიზაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ცესკოს ოფისთან საპროტესტო აქციაც გამართეს.
ნახეთ ვიდეო:
ნახეთ ტექსტი:
ერთობლივი განცხადება
“მიგვაჩნია, რომ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 2012 წლის 24 სექტემბერს მიღებული დადგენილება „ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ” დაუსაბუთებელია და არღვევს კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებისათვის საქართველოს საარჩევნო კოდექსით მინიჭებულ უფლებას – კენჭისყრის კაბინის გარდა, საარჩევნო პროცესისათვის ხელის შეშლის გარეშე, აწარმოონ ფოტოვიდეოგადაღება.
საგანგაშოა ის ფაქტი, რომ დადგენილებით მიღებული იქნა რამოდენიმე მნიშვნელოვანი შეზღუდვა, მათ შორის:
1. ფოტოვიდეოგადაღება კენჭისყრის შენობაში უნდა წარმოებდეს კომისიის თავმჯდომარის მიერ გამოყოფილი სპეციალური ადგილებიდან, საიდანაც ჩანს საარჩევნო პროცესი;
2. მინიმალური მანძილი ნებისმიერი პირისთვის ფოტოვიდეოგადასაღებად უნდა იყოს არანაკლებ 3 მეტრით დაშორებული გადაღების სუბიექტიდან/ობიექტიდან;
3. იმ შემთხვევაში, თუკი კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირი კამერით გადაადგილდება ან ტოვებს კენჭისყრის შენობას, კარგავს ფოტოვიდეოგადაღების წარმოების უფლებას.
მიგვაჩნია, რომ ცესკო აღნიშნული აქტის მიღებით გასცდა კანონით მისთვის მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებს; საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „ცესკო უფლებამოსილია მიიღოს დადგენილება ცესკოს კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ, ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით გაუთვალისწინებელ საარჩევნო და სხვა პროცედურებთან დაკავშირებულ საკითხებზედაც.” ამავე კოდექსის 30-ე მუხლის მე-3 ნაწილით კი ცესკოს დადგენილება არის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, რომლის მიღებაც შეიძლება მხოლოდ კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში. დადგენილებით შეიძლება მიღებულ იქნეს ცალკეული საარჩევნო პროცედურის აღმწერი ინსტრუქციაც, რომელიც არ უნდა შეიცავდეს ამ კანონით დადგენილისგან განსხვავებულ ან ახალ ნორმას და რომელიც შეიძლება შეიცავდეს მხოლოდ ამ კანონით დადგენილი პროცედურის დაწვრილებით აღწერას.
კომისიის მიერ მიღებული დადგენილება წარმოადგენს ახალ და განსხვავებულ აქტს, რომლის მიღება აუცილებლობას არ წარმოადგენდა. კომისიამ ვერ დაასახელა შემთხვევები, როცა მედიის წარმომადგენლებმა ხელი შეუშალეს კენჭისყრის დღის პროცესის მიმდინარეობას. კომისიის პოზიციის თანახმად, აქტის მიღების საფუძველი გახდა ვენეციის კომისიის რეკომენდაცია ვიდეოთვალების ამოღების თაობაზე – მიგვაჩნია, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაცია მიმართული იყო სახელმწიფოს მიერ ამომრჩევლების შესაძლო კონტროლზე და არა მედიის ანდა დამკვირვებელთა უფლებების დაუსაბუთებელ შეზღუდვაზე. გარდა ამისა, მიღებული აქტი ვერ ამართლებს კომისიის პოზიციას, რომ ამომრჩეველს ეშინია ვიდეოკამერების, ჩანაწერების, რადგან სპეციალური ადგილიდან ანდა საარჩევნო უბნის გარე პერიმეტრიდან გადაღების შემთხვევაში შიშის ფაქტორის აღმფხვრისათვის მიღებული ზომები სრულიად უსარგებლოა. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ კომისიამ არ გაითვალისწინა საქართველოს საარჩევნო კოდექსით დადგენილი მითითებები, რომელიც შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ხელშეშლის არსებობისას.
აღნიშნული დადგენილებით მნიშვნელოვნად შემცირდება არჩევნების პროცესის გამჭვირვალობა. ცესკომ ასევე ვერ დაადასტურა მიზანშეწონილობა თუ რატომ უნდა შეიზღუდოს გადაღება კენჭისყრის პერიოდში.
ცალსახაა, რომ კომისიამ მხოლოდ ფორმალურად შეინარჩუნა საარჩევნო კოდექსის ჩანაწერი ფოტოვიდეოგადაღების თაობაზე, თუმცა ამავდროულად დაადგინა განსხვავებული ხისტი ნორმები. თავად აქტის შინაარსი კი არ არის მიმართული ხელშეშლის შემთხვევების განსაზღვრისაკენ. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს იმ გარემოებას, რომ აქტის მიღება მოხდა არჩევნებამდე შვიდი დღით ადრე. შესაბამისად, დამკვირვებლები და მედიის წარმომადგენლები ვერ შეძლებენ დროულად გაეცნონ შეზღუდვებს, რაც, თავის მხრივ, გამოიწვევს მათ გამოძევებას კენჭისყრის შენობიდან და დაჯარიმებას ხელშეშლის მიზეზით. აღნიშნული ფაქტორი კი არასასურველად აისახება არჩევნების შედეგების სანდოობაზე.
ზემოაღნიშნული საფუძვლებიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს ცესკოს 2012 წლის 24 სექტემბრის დადგენილების აქტის ბათილად ცნობა.
მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები მიესალმებიან ცენტრალური საარჩევნო კომისიის პოზიციას შეხვდნენ მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებს და კიდევ ერთხელ გადახედონ დოკუმენტს. ვიმედოვნებთ, რომ სასამართლო პროცესის ჩანიშვნამდე შესაძლებელი იქნება კომისიამ თავადვე გააუქმოს მიღებული დადგენილება.”