არჩევნებთან დაკავშირებული საკანონმდებლო წინადადება არასამთავრობოებმა საერთაშორისო ორგანიზაციებს და პოლიტიკურ გაერთიანებებს გააცნეს

02.03.2012

წყარო: კამპანიის  “ეს შენ გეხება” ვებგვერდი.

2  მარტს,  სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში” კამპანიის – „ეს შენ გეხება” – ორგანიზატორმა არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს” მხარდაჭერით,  საარჩევნო კანონმდებლობაში შესატან ცვლილებათა პაკეტი საერთაშორისო ორგანიზაციებს და პოლიტიკურ პარტიებს გააცნეს.შეხვედრას ნახვა ინტერნეტით პირდაპირ ეთერშიც იყო შესაძლებელი.

შეხვედრაზე კამპანიის ორგანიზატორებმა ისაუბრეს როგორც არსებული კანონმდებლობით დაწესებულ გაუმართლებელ შეზღუდვებზე, ისე მათ მიერ მომზადებულ წინადადებაზე, რომელიც, მათი აზრით, უზრუნველყოფს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, საკუთრების უფლებასა და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას ქვეყანაში.

მრგვალ მაგიდაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი იყვნენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ხელისუფლების, საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიების, აგრეთვე, არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლები. 

დისკუსიაში  მონაწილეობა მიიღეს კობა დავითაშვილმა, დავით უსუფაშვილმა, საშა რუსეცკიმ , ზურაბ ტყემალაძემ, ირაკლი კობახიძემ,  ნინო ბურჯანაძემ, ლაშა ტუღუშმა. სიტყვით გამოვიდა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ მომავალ კვირას გამართვას შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მათთან ერთად განიხილავს შესაძლო ცვლილებებს.

ნახეთ სტატიები ამ თემაზე:

ინტერნეტგამოცემა „ნეტგაზეთი”  – რა ცვლილებები შეიძლება შევიდეს პოლიტიკური გაერთიანებების შესახე კანონში

რადიო „თავისუფლება” – პოზიტიური ცვლილებების მოლოდინში

ინტერნეტგამოცემა „ლიბერალი” –“მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონში “დაკავშირებული პირის” ცნება დაზუსტდება

უფრო მეტი სტატია.

 

###

არჩევნების თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მედიის წარმომადგენლება 13 თებერვალს წამოიწყეს კამპანიაეს შენ გეხება“, რომლის მიზანი საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწა და წინასაარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაა. კამპანიის ფარგლებში, საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის მოთხოვნით, 170-მდე არასამთავრობო და მედია ორგანიზაციამ, აგრეთვე, 1500მდე ფიზიკურმა პირმა ხელი მოაწერეს პეტიციას, რომელიც, საკანონმდებლო წინადადების პაკეტთან ერთად, საქართველოს პარლამენტს 17 თებერვალს წარუდგინეს. გასულ კვირას კამპანიის ორგანიზატორებმა თბილისსა და საქართველოს რვა ქალაქში გამართეს საინფორმაციო შეხვედრები, რომელზეც მოსახლეობას მიაწოდეს ინფორმაცია კანონით დაწესებული შეზღუდვების თაობაზე. 1 მარტს გაიმართა საკანონმდებლო წინადადებათა ავტორი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წარმომადგენლების პირველი შეხვედრა. კონსულტაციები კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით მომავალშიც გაგრძელდება. 2 მარტს კამპანიის მონაწილე ორგანიზაციებმა საკანონმდებლო წინადადებათა პაკეტი საქართველოში აკრედიტებულ საელჩოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, აგრეთვე, საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკურ პარტიებს გააცნეს.