2011 წლის 8 დეკემბერს ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს” ოფისში გაიმართა წიგნის “ასწლეული ინტერიერში” პრეზენტაცია. წიგნი ფონდმა ტასომ გამოსცა.
1998 წლიდან ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოში” მუშაობა დაიწყო ქალთა პროგრამამ, რომელმაც, ფონდი ტასოს სახელით, დამოუკიდებლად მოქმედება განაგრძო 2007 წლიდან.
ფონდი ტასო საქართველოს ქალთა მოძრაობის ნაწილი და მისი აქტიური მხარდამჭერია. იგი ჩართულია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მშვიდობიანი და სამართლიანი გარემოს შექმნისაკენ მიმართულ საქმიანობაში, გარემოსი, სადაც თითოეულ ქალს ექნება თავისუფალი არჩევანის, თვითრეალიზების საშუალება და დაბრკოლების გარეშე შეძლებს ისარგებლოს თავისი ძირითადი უფლებებითა და თავისუფლებებით.
ფონდმა ტასომ 2001 წელს დაიწყო ქალთა ზეპირი ისტორიების დოკუმენტირება. მას შემდეგ, შეიქმნა ზეპირი ისტორიების არქივი და 2004 წლიდან გამოიცა სერიის “ქალთა მეხსიერება” 9 წიგნი. ახალი წიგნი “ასწლეული ინტერიერში” ამ სერიის ბოლო გამოცემაა.
ფონდ ტასოს დირექტორი ქ-ნი მარინა თაბუკაშვილი: „ერთ დილას მივხვდი, რომ ამ წლის 8 დეკემბერს საქართველოში ზეპირი ისტორიების დოკუმენტირების საქმიანობას 10 წლის იუბილე უსრულდება. ეს, ცხადია, უნდა მომხდარიყო ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოში”, რომელმაც, ქალთა პროგრამის ფარგლებში ზეპირი ისტორიების ჩაწერა დაიწყო, ეს საქმიანობა 5 წლის განმავლობაში თანმიმდევრულად განავითარა და ფონდ ტასოს გამოატანა”.
ქალთა მეხსიერების ბოლო გამოცემა, „ასწლეული ინტერიერში” წარმოადგენს 2003-2010 წლებში დოკუმენტირებული მონათხრობების კრებულს, რომელთა შინაარსი მოიცავს ისტორიის მონაკვეთს XIX საუკუნის ბოლოდან თანამედროვე ეპოქამდე. “საქართველოს ისტორიის მოვლენები წიგნში ისეა ნაამბობი, როგორც გადახდათ ჩვენს მთხრობელებს: სოფლად მცხოვრებ, იძულებით ადგილნაცვალ, კონფლიქტის ზონებში მცხოვრებ, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე, პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლ, შრომით მიგრანტ ადამიანებს. ზეპირი ისტორიის მეთოდით დოკუმენტირება კარგად აღწერს მთხრობელის პორტრეტს, ყურადღებას ამახვილებს ადამიანზე და აჩვენებს ისტორიულ მოვლენებს ისე, როგორც ის ადამიანმა განიცადა და დაიმახსოვრა.”-აღნიშნავს ქ-ნი მარინა თაბუკაშვილი.
გამოცემა ეძღვნება ქ-ნ ზეინაბ ფილიპოვას, რომელიც იმ ცხრა ადამიანს შორის იყო, ვინც, 2001 წელს ზეპირი ისტორიის მეთოდით დაიწყო კვლევა საქართველოში. ზეინაბ ფილიპოვა, ქართველი კათოლიკე, თვალსაჩინო ჟურნალისტი და ზეპირი ისტორიების მკვლევარი, 2011 წლის 16 ივნისს გარდაიცვალა ბათუმში. პრეზენტაციაზე ნაჩვენები იქნა მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი, სადაც ქ-ნი ზეინაბი ზეპირი ისტორიების მნიშვნელობაზე საუბრობს. …
“ქალთა მეხსიერების” სერიის წიგნების გამოცემის, ქალთა პროგრამისა (1998 -2006 წლები) და მისი მისიის მემკვიდრე ქალთა ფონდის ტასო ზეპირი ისტორიების სფეროში მუშაობის მხარდამჭერები არიან “ღია საზოგადოების ფონდები” და ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველო”.
###
ღონისძიება ეძღვნება 16-დღიან კამპანიას გენდერული ძალადობის წინააღმდეგ, რომელიც 2011 წელს, 130 ქვეყანაში ტარდება დევიზით: მშვიდობა ჩვენს ოჯახებს და მთელ მსოფლიოს: დავძლიოთ მილიტარიზმი და ბოლო მოვუღოთ ძალადობას ქალთა მიმართ.