12-24 ოქტომბერს ბათუმის აკაკი წერეთლის სახელობის საქალაქო ბიბლიოთეკაში გაიხსნა გამოფენა “ქართული ბეჭდური მედიის წარსული და აწმყო”. გამოფენის ორგანიზატორი არის საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.
პროექტი დაფინანსებულია ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველოს” მიერ.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ქართული პერიოდული გამოცემების 100-ზე მეტი ექსპონატი, რომელიც ასახავდა ქართული პერიოდული პრესის ისტორიას 1819 წლიდან დღემდე, მათ შორის ფოტომასალას და ბიბლიოგრაფიულ იშვიათობად ქცეული გამოცემების დედნებს.
გამოფენის ორგანიზატორებმა ქართულ საზოგადოებას პირველად წარუდგინეს რეტროსპექტული, ქრონოლოგიურად დალაგებული ქართული პერიოდული გამოცემები, რომლებიც თვალნათლივ ასახავდა ქართული ბეჭდური მედიის განვითარების ისტორიას.
გამოფენის პარალელურად ორი დღის განმავლობაში საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ექსპერტებმა წარმოადგინეს შემეცნებითი პრეზენტაციები შემდეგ თემებზე: ქართული პრესის განვითარება, რეკლამის განვითარების ისტორია ქართულ მედიაში, ქართული გაზეთების ელექტრონული კატალოგი და ქართული ჟურნალების ციფრული ბიბლიოთეკა. პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია ბიბლიოთეკების, მედიისა და არასამთავრობო სექტორის მომავალი თანამშრომლობის საკითხებზე.
გამოფენა პირველად თბილისში, 2011 წლის 2 მაისს მედიის თავისუფლების მსოფლიო დღის აღსანიშნავად ჩატარდა.
ნახეთ აჭარის ტელევიზიის სიუჟეტი.
ნახეთ ხატია ჯინჯიხაძის, მედიაპროგრამის მენეჯერის ინტერვიუ ბათუმის 25-ე არხთან.