ფონდ ,,ღია საზოგადოება-საქართველოს” მიერ დაფინანსებული საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის პროექტის ფარგლებში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში 31 ოქტომბერს გაიხსნა გამოფენა “ქართული ბეჭდური მედიის წარსული და აწმყო”. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ქართული პერიოდული გამოცემების 100-ზე მეტი ექსპონატი, მათ შორის ფოტომასალა და ბიბლიოგრაფიულ იშვიათობად ქცეული გამოცემების დედნები. გამოფენის ორგანიზატორებმა ადგილობრივ საზოგადოებას პირველად წარუდგინეს რეტროსპექტული, ქრონოლოგიურად დალაგებული ქართული პერიოდული გამოცემები, რომლებიც თვალნათლივ ასახავდა ქართული ბეჭდური მედიის განვითარების ისტორიას 1819 წლიდან დღემდე. გამოფენა 14 ნოემბრამდე გაგრძელდება. გამოფენის გახსნას დაესწრო არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის, ბიბლიოთეკის წარმომადგენლები, ჟურნალისტიკით დაინტერესებული სხვა პირები.
120-მდე მსმენელი ორი დღის განმავლობაში ესწრებოდა ბიბლიოთეკის 7 თანამშრომლის მიერ წარმოდგენილ პრეზენტაციებს ქართული პრესის, ბეჭდური რეკლამის ისტორიის, ციფრული ბიბლიოთეკის, პერიოდიკის კატალოგის, ონლაინ ლექსიკონების შესახებ. ღონისძიებას აშუქებდა ადგილობრივი მედია, მათ შორის სამეგრელო – ზემო სვანეთის საინფორმაციო ცენტრი www.livepress.ge და რადიო “ათინათი”.
ქართული ბეჭდური მედიის გამოფენა პირველად 2 მაისს, პრესის მსოფლიო დღის აღსანიშნავად ქ.თბილისში გაიხსნა. მას შემდეგ ბათუმში და ზუგდიდში ჩატარდა. გამოფენის მოწყობა თელავშიც არის დაგეგმილი.