გზაზე- ლეონიდ მუჯირის ფოტოგამოფენა ღია გალერეაში გაიხსნა

08.10.2010

ლეონიდ (ლეო) მუჯირი
გზაზე

7-28 ოქტომბერი, 2010

7 ოქტომბერს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” საგამოფენო დარბაზ ”ღია გალერეაში” ლეონიდ (ლეო) მუჯირის ფოტოგამოფენა გაიხსნა. ეს არის ლეოს პირველი პერსონალური გამოფენა ლონდონიდან დაბრუნების შემდეგ, სადაც იგი ოთხი წლის განმავლობაში ცხოვრობდა და ფოტოხელოვნებას სწავლობდა. გამოფენაზე წარმოდგენილი ფოტოები გადაღებულია კახეთისა და მცხეთის გზებზე ლეოს საქართველოში დაბრუნებიდან ერთი თვის განმავლობაში. ლეოს მიერ დანახული ეს გზა ორი ეპოქის შემაერთებელ გზას მოგვაგონებს. აქ არის  საბჭოთა საქართველოც და  პოსტსაბჭოთა საქართველოც, იუმორითა და რომანტიკული ელფერით.  

ფოტოები, რომლებზეც აღბეჭდილია მიტოვებული ბენზინგასამართები, შუშები შუა მინდორში, ძველი ელექტრობოძები და გაურკვეველი კონსტრუქციები-  საბჭოთა პერიოდის ,,საწარმოო ნარჩენებია.” მათ განსხვავებულად აღიქვამს ძველი და ახალი თაობა. ლეოს ფოტოებზე სხვადასხვა დანიშნულების ფუნქციადაკარგული ობიექტები სიურიალისტურ კოლაჟებს ჰგვანან. ძალაუნებურად გიჩნდება სურვილი ისინი სამუზეუმო ექსპონატებად აქციო.

დახვეწილი იუმორითა და გემოვნებით გამოირჩევა ფოტოები, რომლებიც საბაზრო ეკონომიკაზე მორგების მსურველთა თვითშემოქმედებას გვაცნობს.  ვულკანიზაციის, ბლოკების, რიკულებისა თუ ფილების აღმნიშვნელი  ტრაფარეტები ისეთი რაკურსითაა მოწოდებული, რომ  არა მხოლოდ ლეოს, არამედ ამ უცნაური ტრაფარეტების ავტორთა პოეტურ ბუნებაზე ფიქრსაც იწყებ.

ეს ფოტოები გვაჩვენებს ახალი თაობის განსახვავებულ ხედვას ორი ეპოქის გასაყარზე მყოფი ქვეყნისა. ის რაც ძველი თაობისთვის მხოლოდ ,,საბჭოთა ეპოქის  ნარჩენები” შეიძლება იყოს, ახალი თაობისთვის საქართველოს უახლესი ისტორიაა და აუცილებელია მისი ფოტომატიანედ ქცევა.

მოგვწერეთ კომენტარი Facebook-ზე.