დევნილთა მხარდასაჭერად ჩატარებული სამუშაოების მონიტორინგის შედეგები

15.12.2011

ხელმიუწვდომელი წყალი დევნილთათვის

13 დეკემბერს ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს” ოფისში  საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ  წარმოადგინა ანგარიში სახელწოდებით: “დევნილთა მხარდასაჭერად ჩატარებული სამუშაოების მონიტორინგი”.

2008 წლის 22 აგვისტოს ბრიუსელის დონორთა კონფერენციის შემდეგ დევნილთა დახმარების მიზნით გამოყოფილი თანხების ხარჯვის მონიტორინგის შედეგები პირველად  2010 წელს გამოქვეყნდა. პირველ ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია მხოლოდ საცხოვრებელი სახლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის მიზნით დახარჯულ თანხებზე. თუმცა, დონორთა მიერ გამოყოფილი თანხები სხვა სახის სამშენებლო სამუშაოების ჩატარებასაც ითვალისწინებდა. მაგალითად, დევნილთა საცხოვრებელ ადგილებში კომუნიკაციის საშუალებების გაყვანას და დამონტაჟებას.  მონიტორინგის მეორე ეტაპზე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ შეისწავლა  კონკრეტულ ადგილებში წყალმომარაგების, ელექტრომომარაგებისა და გაზიფიცირების მიზნით გაწეული სამუშაოების ამსახველი მასალები. გარდა ამისა, ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ადგილზე დაათვალიერეს და გადაამოწმეს  რეალურად შესრულებული სამუშაოები.

ძირითადი დარღვევები, რაც მონიტორინგის პროცესში გამოვლინდა დაკავშირებულია წყალმომარაგების სამუშაოებთან დევნილთა ჩასახლების პუნქტებში. ამ მხრივ, საგულისხმო ხარვეზია შეუსაბამობები ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებსა და ფაქტობრივად შესრულებულ სამუშაოებს შორის. სამუშაოების შემსრულებელი კომპანიები ხშირად არღვევდნენ სახელმწიფოსთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობებს, სახელმწიფო კი შემსრულებლისგან არ მოითხოვდა ხარვეზების გამოსწორებას.  აღსანიშნავია ასევე შესრულებული სამუშაოს დაბალი ხარისხი, რაზეც მოსახლეობა ჩივის. კვლევის შედეგებმა ასევე აჩვენა, რომ აუცილებელია შესასრულებელი სამუშაოების დაგეგმვისას ყურადღება მიექცეს მოსახლეობის საჭიროებებს და ადგილობრივმა მოსახლეობამ მონაწილეობა მიიღოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მიუხედავად ამისა, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი ამბობს, რომ მეორე მონიტორინგის შედეგად უკეთესი სურათია, ვიდრე პირველი მონიტორინგის შემთხვევაში.

თამარ კორძაია: “ჩვენი მეორე კვლევა არ მოიცავს იმ ტიპის დარღვევებს, რაც ვნახეთ პირველი მონიტორინგისას. წინა კვლევისგან განსხვავებით, ამ პერიოდში არ დაფიქსირდა გადახარჯვები სახელმწიფოს მხრიდან. 2010 წელთან შედარებით ნაკლები ხარვეზები გამოვლინდა ტენდერების კუთხითაც. ჩვენ მაშინ გვქონდა საუბარი, რომ ხელშეკრულების თანხა, ზოგ შემთხვევაში, სამჯერაც კი აღემატებოდა ტენდერის დროს შეთავაზებულ ფასს. ხელშეკრულებები იდებოდა ერთსა და იმავე კომპანიებთან. ამ შემთხვევაში, მსგავსი ფაქტები არ დაფიქსირებულა. ვფიქრობ, მთავრობამ დაიწყო მონიტორინგის შედეგად მიღებული შენიშვნების და რეკომენდაციების გათვალისწინება”.

მონიტორინგის განხორციელდა ,,ღია საზოგადოების ინსტიტუტისა” და ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს” მიერ დაფინანსებული პროექტის ,,გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულების ხელშეწყობა საქართველოში” ფარგლებში.

ნახეთ ანგარიში ქართულ ენაზე.

თემასთან დაკავშირებული სტატიები:
ხელმიუწვდომელი წყალი დევნილთათვის
-ონლაინ ჟურნალი ”ლიბერალი”, 13 დეკემბერი, 2011. ავტორი: თამარ ფარადაშვილი