საბჭოთა კავშირის დაშლისა და დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან საქართველო და სომხეთი ერთმანეთისთვის მნიშვნელოვან პარტნიორებად ჩამოყალიბდნენ. ორ ქვეყანას შორის პარტნიორობა ლოგიკურია და ალტერნატივებს არ გულისხმობს, ამიტომ ამ პროცესში სამოქალაქო საზოგადოების მეტი ჩართულობა, ფართო საზოგადოებრივ დონეზე ინფორმაციის გაცვლის მექანიზმის აწყობა და შესაბამისი ერთობლივი საქმიანობის დაგეგმვა ორმხრივ ურთიერთობებს მეტ მდგრადობას შესძენს.
ორმხრივი თანამშრომლობის საკითხების განხილვის მიზნით 2010 წლის 6-9 თებერვალს ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოსა” და სომხეთის ევრაზიის პარტნიორობის ფონდის ერთობლივი პროექტის “სომხურ-ქართული სამოქალაქო საზოგადოების დიალოგის” ფარგლებში ქალაქ აღვერანში (სომხეთის რესპუბლიკა) ქართველ და სომეხ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. სამდღიანი მუშაობის შედეგად განისაზღვრა რეკომენდაციები და იდეები ერთობლივი ინიციატივებისთვის.
სომხეთის ევრაზიის თანამშრომლობის ფონდმა და ფონდმა “ღია საზოგადოება -საქართველომ” 2011 წელსაც განაგრძეს საქართველოს და სომხეთის სამოქალაქო საზოგადოების ლიდერების შეხვედრის ზემოთ აღნიშნული ფორმატის მხარდაჭერა, რომელიც ორი ქვეყნის სამოქალაქო სექტორებს შორის უკვე დაწყებული დიალოგის პლატფორმის გაგრძელება იყო. აღნიშნულ პროცესში ჩართული იყვნენ არა მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების აქტივისტები, არამედ აკადემიური სფეროს, ჟურნალისტიკის და კულტურის წარმომადგენლები.
2011 წლის 16-18 აპრილს თბილისში გამართული შეხვედრის ფარგლებში მსჯელობა გაიშალა სომხური და ქართული საზოგადოების წინაშე მდგარ ორმხრივი დაინტერესების საკითხებზე, თანამშრომლობის არეალზე და გამოკვეთილი პრიორიტეტების ერთობლივად მიღწევის გზებზე. შეხვედრის მიზანი, აღვერანში 2010 წლის თებერვლის დისკუსიების შედეგად გამოკვეთილი წინადადებების განვითარება, მათ საფუძველზე ერთობლივი ინიციატივების შემუშავება და ამის შესახებ ფონდების მოძიების საშუალებების გამოკვეთა და დონორთა ინფორმირება იყო.
სომხურ-ქართული სამოქალაქო საზოგადოების დიალოგი ფოკუსირებული იყო თანამშრომლობის შემდეგ სფეროებზე: