
ტყეპარკის წინაშე არსებული პრობლემა საზოგადოების დიდი ნაწილისთვის უცნობია. 23 სექტემბერს პარკის ტერიტორიაზე აქცია გაიმართა, რომელიც ტყის გადარჩენას მიეძღვნა და რომელშიც მონაწილეობა თბილისის საზოგადოებრივი, კულტურული და სამეცნიერო წრეების, საელჩოების, საერთაშორისო ორგანიზაციების, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიიღეს.
“ჩვენი აქციის მიზანი საზოგადოებამდე იმ პრობლემების მიტანაა, რომლის წინაშეც დიღმის ტყეპარკი ბოლო წლების განმავლობაში აღმოჩნდა. თანდათან ხდება პარკის ადგილების ათვისება, პრივატიზაცია, უკანონო მშენებლობები. არსებული ვითარება განადგურების საფრთხის წინაშე აყენებს ქალაქისთვის ამ უმნიშვნელოვანესი ეკოლოგიური ღირებულების მქონე ზონას. ვფიქრობ, რომ ყოველმა ჩვენთაგანმა უნდა შევიტანოთ წვლილი ამ უნიკალური ტყის შენარჩუნებაში.”- ამბობს ქეთი ხუციშვილი, ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი.


ღონისძიებას ორგანიზება გაუწიეს ფონდმა “ღია საზოგადოება-საქართველომ”, „კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელმა” (CENN), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, ადამიანის უფლებათა ცენტრმა და ანა გაბრიაძის საინიციატივო ჯგუფმა.
აქციის მსვლელობისას მოეწყო სტუდია “მონიტორის” ფილმის ჩვენება, რომელიც ჟურნალისტური გამოძიების საფუძველზე, დეტალურად აღწერს საკრებულოს გადაწყვეტილების შემდგომ განვითარებულ მოვლენებს, საუბრობს მითვისებული მიწების მეპატრონეებზე და ა.შ
“არსებობს ორი ურთიერთგამომრიცხავი რეალობა, რომელშიც აღნიშნული რეკრეაციული ზონა იმყოფება. ერთი მხრივ, არ არის გადაწყვეტილი ტყე-პარკის უკანონოდ მიტაცებული მიწების ქალაქისთვის დაბრუნების საკითხი. მეორე მხრივ, ტყე-პარკის მოვლისთვის ქალაქის ხელისუფლება წლიდან წლამდე მასშტაბურ სამუშაოებს ატარებს. რეკრეაციული ზონის მთელი ტერიტორია დაყოფილია კერძო ნაკვეთებად და ოფიციალური აკრძალვის მიუხედავად, მუდმივი ვაჭრობის საგნად რჩება. პრობლემას ტყე-პარკში შექმნილი მძიმე სანიტარული, ეკოლოგიური და სტრუქტურულ-ფუნქციონალური მდგომარეობაც ამძიმებს”-აღნიშნავს რეზო გეთიაშვილი, ” კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი”-ს (CENN) წარმომადგენელი.
ამ და სხვა თემებთან დაკავშირებით გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება Facebook-ზე.
წაიკითხეთ, მოისმინეთ და უყურეთ თუ რას ამბობს მედია აქციის შესახებ.
საიტით სარგებლობის გაგრძელებით, თქვენ ეთანხმებით Cookie ჩანაწერების გამოყენებას. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა.