ეკონომიკური განვითარების პროგრამის პროექტის ”ყოფილი სამხედრო მოსამსახურეების გადამზადება და თვითდასაქმების ხელშეწყობა” ფარგლებში მონაწილეები ბიზნესის საფუძვლებს დაეუფლებიან

22.01.2010

ფონდის “ღია საზოგადოება – საქართველო” ეკონომიკური განვითარების პროგრამა ახორციელებს პროექტს “ყოფილი სამხედრო მოსამსახურეების გადამზადება და თვითდასაქმების ხელშეწყობა”, რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენს სოციალურ-ეკონომიკური პროცესების შედეგად დაზარალებულ ადამიანთა, კერძოდ 2003 წლის შემდგომ პერიოდში სტრუქტურული რეორგანიზაციის გამო სამსახურიდან დათხოვილ ყოფილ სამხედრო მოსამსახურეთა მხარდაჭერა, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში უკეთ გათვითცნობიერებითა და მათთვის რესოციალიზაციის ახალი პერსპექტივების დასახვით.

პროექტის “ყოფილი სამხედრო მოსამსახურეების გადამზადება და თვითდასაქმების ხელშეწყობა” ფარგლებში მოხდება ყოფილ სამხედრო მოსამსახურეთა გადამზადება, ისინი შეიძენენ ბიზნესის წარმარმართვისათვის საჭირო უნარ-ჩვევებს. პროექტის მონაწილეებს გაეწევათ ბიზნეს კონსულტაციები, რათა მათ მიერ შემუშავებული ბიზნეს გეგმები შეესაბამებოდეს ბანკების მოთხოვნებს. ტრენინგისა და კონსულტაციების

დროს მონაწილეები შეძლებენ საპრეზენტაციო უნარებისა და ტექნიკის დახვეწას.ისინი შეიმუშავებენ საკუთარი ბიზნეს გეგმების პრეზენტაციას.

 

პროექტის პირველ ეტაპზე მონაწილეები გაივლიან ორდღიან შესავალ კურსს ბიზნესის საფუძვლების შესახებ. შესავალი კურსის მიზანია მონაწილეები გაეცნონ ბიზნესის წარმოების ძირითად საფუძვლებს. სალექციო კურსი მოიცავს შემდეგ თემატიკას:  მეწარმეობა და მისი ტიპები; მარკეტინგის საფუძვლები: ბაზრის აღწერა, პროდუქტი, ფასწარმოქნა, კომუნიკაცია; წარმოების ორგანიზების საფუძვლები;  ფინანსების მართვის გასაცნობი კურსი.

კურსი იქნება მიმოხილვითი ხასიათის, წარიმართება ლექციების სახით, ლექციის დასასრულს გაიმართება კითხვა-პასუხი.

შესავალი კურსის ძირეული მიზანია მონაწილეებს გადაეცეთ გარკვეული ზოგადი ინფორმაცია მეწარმეობის შესახებ, რის შემდეგაც ისინი ინტენსიურ სასწავლო კურსს გაივლიან და მოამზადებენ ბიზნეს-გეგმებს.

 

 

თამარ პირველი
ეკონომიკური განვითარების პროგრამა