„ეს შენ გეხებამ“ რეგიონებში მოსახლეობისთვის ახსნა-განმარტებების ჩამორთმევის თაობაზე განცხადება გაავრცელა

16.03.2012

წყარო: ვებგვერდი “ეს შენ გეხება”

საქართველოს კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა 12 მარტს აქტიურად დაიწყო მოქალაქეებისთვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევა საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში. (ლანჩხუთი, ჩოხატაური, ოზურგეთი, ბათუმი, ხელვაჩაური, ქობულეთი, ფოთი, ზუგდიდი, ქუთაისი, ზესტაფონი, გორი, ქარელი, კასპი, გურჯაანი, საგარეჯო, სიღნაღი).

15 მარტს კამპანიის „ეს შენ გეხება” წევრი არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები ახსნა-განმარტებების მასობრივი ჩამორთმევის ფაქტს გამეოხმაურნენ და ამ შემთხვევების  პირველადი სამართლებრივი შეფასება გააკეთეს.

ღონისძიების პირველ ნაწილში, ორგანიზატორებმა წარმოადგინეს მედიით გაშუქებული ვიდეომასალა, რომელიც  ცხადყოფს, რომ დაკითხვის პროცესში ადგილი ჰქონდა მოქალაქეების ღირსების შელახვას, მორალურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლას. ჟურნალისტებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა, შესულიყვნენ ადმინისტრაციულ შენობაში გაძლიერებული დაცვის პირობებში.

აქვე გთავაზობთ პრესკონფერენციის მეორე ნაწილში გაკეთებულ განცხადებას, რომელიც კამპანიის წევრმა  ნინო ლომჯარიამ წარმოადგინა:

„საქართველოს კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ 2012 წლის 12, 13 და 14 მარტს საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში (ლანჩხუთი, ჩოხატაური, ოზურგეთი, ბათუმი, ხელვაჩაური, ქობულეთი, ფოთი, ზუგდიდი, ქუთაისი, ზესტაფონი, გორი, ქარელი, კასპი, გურჯაანი, საგარეჯო, სიღნაღი) განხორციელდა სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წევრთა, მოხალისეთა თუ მოქალაქეთა მასობრივი დაკითხვები. სულ დაკითხულთა რაოდენობამ 150  მოქალაქეს გადააჭარბა.

კამპანია  „ეს შენ გეხება” უარყოფითად აფასებს ახსნა-განმარტების ჩამორთმევის პროცესში კონტროლის პალატის წარმომადგენელთა მხრიდან მოქალაქეებზე განხორციელებული ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ზეწოლის, დაშინებისა და მუქარის ფაქტებს. მიგვაჩნია, რომ:

•    კონტროლის პალატის ქმედებები, რომელებიც მათივე  განმარტებით, პარტიების ფინანსური გამჭვირვალობის უზრუნველყოფას ისახავდა მიზნად,  შეიცავდა განსხვავებული პოლიტიკური  შეხედულებების მქონე  მოქალაქეთა დევნის ნიშნებს; 
•    კონტროლის პალატის წარმომადგენლების  ქმედებები მრავლად შეიცავდა, ასევე, უფლებამოსილებათა გადამეტების ფაქტებს. კერძოდ, უწყების თანამშრომლების მიერ მოქალაქეთათვის დასმული შეკითხვები ფინანსური ხასიათის საკითხების გარდა შეეხებოდა, აგრეთვე, მოქალაქეთა პოლიტიკური აქტივობების  დეტალებსა და კონკრეტულ პოლიტიკურ ძალასთან მათი თანამშრომლობის მიზეზებს;   
•    დაბარებულ პირებს პრობლემები ექმნებოდათ ადვოკატის დასწრებასთან დაკავშირებით. ადგილი ქონდა ადვოკატის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტს, რის გამოც მას არ მიეცა დაკითხვის პროცესზე დასწრების საშუალება; 
•    ჟურნალისტებს ხელი ეშლებოდათ  პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში;
•    კონტროლის პალატის თანამშრომლები მოწვეულ მოქალაქეებს არ აწვდიდნენ სრულყოფილ  ინფორმაციას, თუ რა სახის სამართალდარღვევის ფაქტზე და ვის მიმართ იყო დაწყებული სამართალწარმოება. ამასთან, ახსნა-განმარტების მიღების პროცესში მოქალაქეების მიმართ ხორციელდებოდა ღირსების შემლახველი ქმედებები.

ვფიქრობთ,  დაკითხვის მანერა, ხანგრძლივობა (რაც ხშირ შემთხევვაში 6 საათამდეც გრძელდებოდა), დასმული შეკითხვები, კონტროლის პალატის წარმომადგენელთა მხრიდან მოქალაქეებთან ურთიერთობის შეურაცხმყოფელი ფორმები, მათზე მუქარისა და ზეწოლის ხერხების გამოყენება  მოქალაქეთა დაშინებას უფრო ისახავდა მიზნად, ვიდრე პარტიების უკანონო ფინანსური საქმიანობის დადგენის ფაქტს. აღნიშნული ქმედებები  საარჩევნო წელს ცალსახად გამოიწვევს მოქალაქეებში შიშის დანერგვას პოლიტიკური და სამოქალაქო აქტივობებში ჩართულობასთან დაკავშირებით და კიდევ უფრო დაამძიმებს წისაარჩევნო გარემოს ქვეყანაში.”

ნახეთ მედიამასალა.

###


არჩევნების თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მედიის წარმომადგენლება 13 თებერვალს წამოიწყეს კამპანია “ეს შენ გეხება”, რომლის მიზანი საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწა და წინასაარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაა. კამპანიის ფარგლებში, საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის მოთხოვნით, 170-მდე არასამთავრობო და მედია ორგანიზაციამ, აგრეთვე, 1500-მდე ფიზიკურმა პირმა ხელი მოაწერეს პეტიციას, რომელიც, საკანონმდებლო წინადადების პაკეტთან ერთად, საქართველოს პარლამენტს 17 თებერვალს წარუდგინეს. 23 თებერვალს კამპანიის ორგანიზატორებმა თბილისსა და საქართველოს რვა ქალაქში გამართეს საინფორმაციო შეხვედრები, რომელზეც მოსახლეობას მიაწოდეს ინფორმაცია კანონით დაწესებული შეზღუდვების თაობაზე. 1 მარტს გაიმართა საკანონმდებლო წინადადებათა ავტორი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წარმომადგენლების პირველი შეხვედრა. 2 მარტს არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმა საკუთარი წინადადებები საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და პოლიტიკურ პარტიებს გააცნეს.  5 მარტის ბიუროს სხდომაზე დავით ბაქრაძემ გააკეთა განცხადება კანონმდებლობაში დამატების შეტანის თაობაზე, რომელიც არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობას არ შეზღუდავს.  7 მარტს კამპანიის მონაწილეები დავით ბაქრაძის განხადებას გამოეხმაურნენ, სადაც განაცხადეს, რომ მსგავსი ცვლილება მისაღებია, მაგრამ არა საკმარისი.  9 მარტს შევიდა მიმართვა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, პარლამენტში და საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის მოწვევის შესახებ.