ვიცხოვროთ ტკივილის გარეშე

22.11.2011

2011 წლის შემოდგომაზე, ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს” მხარდაჭერით საქართველოში დაიწყო კამპანია “ვიცხოვროთ ტკივილის გარეშე”. პროექტს ახორციელებს C და B ჰეპატიტის პაციენტთა გაერთიანება.

კამპანიის მიზანია, შეიქმნას ისეთი გარემო, სადაც ყველა მოქალაქეს მიუწვდება ხელი ტკივილის შემამსუბუქებელ ეფექტურ და თანამედროვე საშუალებებზე. ამ კამპანიის ფარგლებში საუბარია არა მხოლოდ ქრონიკული დაავადებებით გამოწვეულ ტკივილზე, არამედ ტკივილზე, რომელიც შეიძლება თან ახლდეს სხვადასხვა სამედიცინო მომსახურებას.

“21-ე საუკუნეში არსებობს ყველა საშუალება იმისათვის, რომ სამედიცინო მომსახურება ფიზიკური ტკივილის გარეშე განხორციელდეს. საქართველოში ტკივილი ზოგიერთი სამედიცინო პროცედურის განუყოფელ ნაწილია და ეს მისაღებად მიიჩნევა. ეს მცდარი მოსაზრებაა. ჩვენ გვაქვს სრული უფლება, მოვითხოვოთ უმტკივნეულო სამედიცინო მომსახურება, დაავადებით გამოწვეული ტკივილის შემთხვევაში კი მივიღოთ ტკივილის შემამსუბუქებელი კვალიფიციური დახმარება. ტკივილის გარეშე ცხოვრება არა მხოლოდ ჩვენი სურვილი, არამედ ფუნდამენტური უფლებაა”-ამბობს ირაკლი იმნაიშვილი, პროექტის ავტორი.

ტკივილის მართვის პრაქტიკა საქართველოში ნაკლებადაა განვითარებული. ერთერთი სფერო, სადაც ტკივილის მართვის სტანდარტები ყველაზე ეფექტურად და კომპეტენტურად გამოიყენება პალიატიური მზრუნველობაა. იგი გულისხმობს ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებისთვის ტკივილის შემსუბუქებას, სოციალურ, ფსიქოლოგიურ და სხვა სახის დახმარებებს. ასეთი უკურნებელი სენით დაავადებული ადამიანების დასახმარებლად საქართველოში არსებობს პალიატიური მზრუნველობის დაწესებულებები, ე.წ ჰოსპისები, სადაც პაციენტებს უმსუბუქებენ ტკივილს, უწევენ ფსიქოლოგიურ, სოციალურ დახმარებებს, საჭიროების შემთხვევაში კი იურიდიულ კონსულტაციებს. ერთერთი ასეთი დაწესებულებაა ფერისცვალების დედათა მონასტერთან არსებული მოწყალების სახლი, სადაც სიცოცხლის უკანასკნელ ეტაპზე მყოფ პაციენტებზე მონაზონი დედები ზრუნავენ. ეს ჰოსპისი გრანტებზე და სხვადასხვა სახის შემოწირულობებზეა დამოკიდებული.

ამ ჰოსპისის დასახმარებლად 16 ნოემბერს, რუსთაველის თეატრში ჩატარდა საქველმოქმედო ჯაზის საღამო. ამ ინიციატივას შეუერთდნენ რუსთაველის თეატრი, ცნობილი ჯაზის მუსიკოსი თამაზ (თათუზა) ყურაშვილი და მისი ბენდი, სოლისტები ვაჟა მანია და მარიკო ებრალიძე. საღამოს შვიდასი სტუმარი დაესწრო. ბილეთების გაყიდვით შემოსული თანხა გადაერიცხა ფერისცვალების დედათა მონასტერთან არსებულ ჰოსპისს, რითიც მოხდება ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტებისა და მოვლისთვის საჭირო სხვა საშუალებების შეძენა.

საქველმოქმედო საღამო ტკივილის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ერთერთი ნაწილია. პროექტის ფარგლებში ქუჩის აქციებიც არის დაგეგმილი. 26 ნოემბერს, ქ. თელავში ჩატარდება პირველი ქუჩის აქცია, სადაც მოხალისე ახალგაზრდები დაარიგებენ საინფორმაციო მასალებს, მოქალაქეებს გაესაუბრებიან პროექტის შესახებ, გადაიღებენ მათთან ერთად ფოტოებს და კამპანიის ვებგვერდზე www.tkivilisgareshe.ge ატვირთავენ.

კამპანიის “ვიცხოვროთ ტკივილის გარეშე” შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: www.tkivilisgareshe.ge

 

ნახეთ სტატია ჟურნალ ”ლიბერალში”- ვიცხოვროთ ტკივილის გარეშე. ავტორი: ეკა ჭითანავა,17 ნოემბერი, 2011.