ზრუნვა, პრევენცია, უფლებები – ამ პრინციპების ერთობლიობა საფუძვლად უდევს ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ CPR პროექტს, რომელიც ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების პრობლემების მქონე პირების კეთილდღეობაზე და მათთან დაკავშირებულ სირთულეებზე 3 წლის განმავლობაში მუშაობდა. სამოქალაქო საზოგადოების ფონდთან ერთად, სისტემური ცვლილებების მიღწევასა და მკურნალობისა თუ მოვლის სისტემების გაუმჯობესებას ექვსი პარტნიორი ორგანიზაცია ცდილობდა: ალტერნატივა ჯორჯია, სოციალური სამართლიანობის ცენტრი, საქართველოს საოჯახო მედიცინის კავშირი, საზოგადოებრივი გაერთიანება ბემონი, კავშირი ნაბიჯი მომავლისაკენ (გორი) და ფსიქოლოგთა და ექიმთა ასოციაცია ქსენონი (ზუგდიდი).
CPR პროექტი ერთგვარი გაგრძელებაა იმ საქმიანობისა, რომელსაც ფონდი ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების შემცირების მიმართულებით უკვე მესამე ათწლეულია ახორციელებს. ფონდი უშუალოდ ადვოკატირების პროცესებშიც იყო ჩართული და მისი მხარდაჭერით შეიქმნა და ფუნქციონირებდა ბევრი ორგანიზაცია, რომლებიც სფეროში წამყვან ორგანიზაციებს წარმოადგენენ. ფონდის მნიშვნელოვანი წვლილია როგორც C ჰეპატიტის პროგრამის ინიცირებაში, ისე იმ შედეგებში, რაც ზიანის შემცირებისა თუ ჩანაცვლების მიმართულებით შეიმჩნევა ჩვენს ქვეყანაში.
CPR პროექტის სამი მთავარი საყრდენი – ზრუნვა, პრევენცია და უფლებები – ქმნის იმ ჩარჩოს, რომლის მეშვეობითაც ვცდილობდით, რეაგირება მოგვეხდინა ერთ-ერთ ყველაზე მწვავე სოციალურ და ჯანდაცვის გამოწვევაზე – ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებასთან დაკავშირებულ სირთულეებზე. სწორედ ამიტომ, პროექტის მთავარი მიზანი იყო, სფეროს პროფესიონალების ჩართულობით ემუშავა ამ მიმართულებით ქვეყანაში ისეთი მოდელის შექმნაზე, რომელიც
აღნიშნული მიზნების მისაღწევად, პროექტმა მოიცვა არაერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელთა შედეგებიც დღეს შევაჯამეთ. ზრუნვის მიმართულებით, პროექტმა იმუშავა როგორც სპეციფიკური მკურნალობისა და რეაბილიტაციის სერვისების დანერგვაზე და ხარისხიანი ზრუნვის სერვისების განვითარებაზე, ისე პირველადი ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებაზე – რათა ოჯახის ექიმებსაც ჰქონდეთ შესაძლებლობა, დროულად ჩაერთონ სკრინინგის სისტემაში და სწორად დაეხმარონ მათ, ვისაც ეს სჭირდება.
პრევენციის მიმართულებით, პროექტმა შეექმნა ისეთი თანამედროვე, მტკიცებულებებზე დაფუძნებული საინფორმაციო მასალა, რომელიც დაინტერესებულ პირებს პრაქტიკულ ცოდნას შესძენს. ამასთან, ბევრ ადამიანს მათთვის გასაგებ ენაზე ექნება წვდომა ინფორმაციაზე ფსიქოაქტიურ ნივთიერებებთან დაკავშირებული სირთულეების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სკოლებში უსაფრთხოებისა და ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების პრევენციას. პროექტის ფარგლებში შემუშავდა გზამკვლევები, საგანმანათლებლო პროგრამები და ტრენინგები როგორც მოსწავლეებისთვის, ისე მათი მშობლებისთვის, მასწავლებლებისა და სკოლის რესურს ოფიცრებისთვის – ამ საინფორმაციო მასალების პილოტირება უკვე 14 სკოლაში შედგა. უშუალოდ სამოქალაქო საზოგადოების ფონდმა გასცა 12 გრანტი, ტრენინგები ჩაატარა 100-მე ორგანიზაციისთვის, ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროსა და ადამიანის უფლებებზე მომუშავე მრავალი ადამიანის მონაწილეობით.
ცალკე აღსანიშნავია, რომ ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებასთან დაკავშირებულ სირთულეებზე ცნობადობის გაზრდისა და მათზე დამოკიდებულების პრევენციის მიზნით, სპეციალურად შეიქმნა ვებგვერდი www.cpr.ge. აქ თავმოყრილი ინფორმაცია ღირებული და მარტივად ხელმისაწვდომია როგორც რიგითი დაინტერესებული ადამიანებისთვის, ისე დარგის სპეციალისტებისთვის.
ყველაზე რთული აღმოჩნდა მუშაობა ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული ნარკოპოლიტიკის დანერგვაზე. სახელმწიფოსთან თანამშრომლობის არხების დახურვამ და სამოქალაქო სივრცის შევიწროებამ პროექტის არაერთი აქტივობის განხორციელება შეაფერხა. მიუხედავად ამისა, პარტნიორებმა მაინც მოახერხეს მნიშვნელოვანი დოკუმენტების მომზადება, კვლევების ჩატარება და სასამართლო საქმეების ინიცირება ადამიანის უფლებების დაცვის მიზნით.
საიტით სარგებლობის გაგრძელებით, თქვენ ეთანხმებით Cookie ჩანაწერების გამოყენებას. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა.