იურიდიული ფირმა ”ასათიანი და ადვოკატები” პალიატიურ პაციენტებს უფასო დახმარებას გაუწევს

20.07.2011

2011 წლის 22 ივლისს, კინოთეატრ „ამირანის” ლიტერატურულ კაფეში თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს ფონდმა „ღია საზოგადოება-საქართველომ” და იურიდიულმა ფირმამ „ასათიანი და ადვოკატები”. მემორანდუმის თანახმად, “ასათიანი და ადვოკატები” პალიატიური მზრუნველობის პაციენტებს უფასო იურიდიულ დახმარებას გაუწევს.

პალიატიური მზრუნველობის ქვეშ მყოფი პაციენტებისთვის ერთერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა მემკვიდრეობის განკარგვასთან დაკავშირებულ საკითხებზე კვალიფიციური იურიდიული კონსულტაციების მიღება. საქართველოში მოქმედი პალიატიური მზრუნველობის ცენტრები (ჰოსპისები) ვერ ახდენენ პაციენტებისთვის საჭირო სამართლებრივი მომსახურების გაწევას. ხშირად პაციენტებს არ აქვთ ინფორმაცია, თუ როგორ შეიძლება ისარგებლონ სახელმწიფოს მიერ მინიჭებული შეღავათებით და სამართლებრივად გადაწყვიტონ ქონების გაყოფასთან და ანდერძის შედგენასთან დაკავშირებული საკითხები.

2009 წელს, ფონდის ინიციატივით, პალიატიური პაციენტებისთვის უფასო იურიდიული დახმარება საადვოკატო ფირმებმა დაიწყეს. პირველად აღნიშნულ ინიციატივას მხარი დაუჭირა „კორძაძის საადვოკატო ბიურომ”.

“”კორძაძის საადვოკატო ბიურო”იყო პირველი იურიდიული ფირმა, რომელმაც პალიატიური მზრუნველობის ქვეშ მყოფი პაციენტების დახმარება უფასოდ დაიწყო. მე მიხარია, რომ ამ ინციატივას შეუერთდა ”ასათიანი და ადვოკატები”. ეს არის ქველმოქმედება ამ კომპანიის მხრიდან და სოციალური პასუხისმეგბლობის გამოხატვა საზოგადოებისადმი.”-აღნიშნავს ქეთი ხუციშვილი, ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი.

პალიატიური მზრუნველობის შესახებ:

პალიატიური მზრუნველობა მრავალპროფილური მზრუნველობაა, რომლის უპირველესი ამოცანაა განუკურნებელი სენით დაავადებული ადამიანებისთვის ტკივილის მოხსნა, მათი სოციალური და ფსიქოლოგიური დახმარება და სულიერი თანადგომის გაწევა. პალიატიური მზრუნველობის მომსახურებას პაციენტები სპეციალურ დაწესებულებებში ე.წ ჰოსპისებში იღებენ. დღესდღეობით, თბილისში ორი ჰოსპისი არსებობს. ერთი- ონკოპრევენციის ცენტრის ბაზაზე, მეორე კი-ფერიცვალების დედათა მონასტერში. გარდა ჰოსპისებისა, აღნიშნული მომსახურების მიღება შესაძლებელია ბინაზეც, შინ მოვლის სამსახურების მეშვეობით.