კამპანიის „ეს შენ გეხება“ წევრი არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების პასუხი დავით ბაქრაძეს

07.03.2012

წყარო: www.esshengexeba.ge

7 მარტი, 12:00საათი, ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს” ოფისი
პრესკონფერენცია, ნახეთ ჩანაწერი.

7 მარტს კამპანიის „ეს შენ გეხება” წევრი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლები დავით ბაქრაძის განცხადებას გამოეხმაურნენ. პარლამენტის თავმჯდომარემ, 5 მარტს გამართულ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტი მზადაა, კანონით უზრუნველყოს საქართველოში მოქმედი საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების შეუფერხებელი საქმიანობა.

გავრცელებულ განცხადებით, არასამთავრობოები და მედიაორგანიზაციები მიესალმებიან შემოთავაზებულ ცვლილებას, თუმცა ეს ცვლილება საკმარისი არ არის საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად.

არასამთავრობოების პასუხი დავით ბაქრაძეს:

„უკანასკნელი დღეების განმავლობაში მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ კიდევ ერთხელ გადახედავენ საარჩევნო კანონმდებლობას და არსებულ დებულებებს დააზუსტებენ. კერძოდ, მასში ნათლად ჩაიწერება, რომ კანონმდებლობა არ ზღუდავს არასამთავრობო ორგანიზაციების და იმ დონორი ორგანიზაციების „ლეგიტიმურ აქტივობებს”, რომლებიც პარტიების განვითარების კუთხით მუშაობენ.

საქართველოს პარლამენტის სურვილი, რომ შეცვალოს ბუნდოვანი და პრობლემური კანონმდებლობა, მისასალმებელია, თუმცა გვსურს, კიდევ ერთხელ გამოვხატოთ ჩვენი პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო წინადადება მხოლოდ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის საქმიანობის შეზღუდვების თავიდან აცილებას არ გულისხმობს. შეთავაზებული ცვლილებები მიმართულია საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე, პოლიტიკური პარტიებისთვის თანაბარი საარჩევნო პირობების შექმნაზე, მოქალაქეებისა და ორგანიზაციებისთვის (მათ შორის სამწარმეო საქტორისთვის) კონსტიტუციით გარანტირებული უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველყოფაზე. .

არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადებული საკანონმდებლო წინადადების ძირითადი მოთხოვნებია:
• გაუქმდეს ამომრჩევლის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა და მთელი პასუხისმგებლობა ამომრჩევლის მოსყიდვის შემთხვევაში დაეკისროს პარტიას ან იურიდიულ პირს;
• დავიწროვდეს იმ პირთა წრე, რომელიც შესაძლებელია დაექვემდებაროს პარტიისათვის დადგენილ შეზღუდვებს. აღნიშნული შეზღუდვები კი გავრცელდეს მხოლოდ და მხოლოდ იმ პირებზე, რომელთაც განცხადებული აქვთ საარჩევნო მიზნები და ამ მიზნებისათვის გასწევენ ხარჯებს;
• განისაზღვროს კონტროლის პალატის მოქმედების ფარგლები, რათა მას არ მიეცეს თავისუფალი მანიპულირების საშუალება;
• დეტალურად გაიწეროს ყადაღის დადების წესი, რომლის უფლებაც მიენიჭა კონტროლის პალატას, განისაზღვროს სასამართლოს როლი იმისათვის, რომ ქონების დაყადაღება არ მოხდეს მისი მონაწილეობის გარეშე;
• შემცირდეს დადგენილი არაგონივრული სანქციები პარტიებისა და სხვა პირებისთვის;

კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სამართლიანი და თანასწორი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით მნიშვნელოვანია შეიცვალოს არაერთი სხვა დებულება, მათ შორის საარჩევნო კოდექსში არსებული რეგულაციები. ასევე აუცილებელია საქართველოში გრძელვადიანი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის მოწვევა, რათა საარჩევნო გარემოს შეფასება-მონიტორინგის პროცესში ჩაერთონ ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები და პოლიტიკურ პარტიებს მიეცეთ თანაბარ გარემოში წინასაარჩევნო კამპანიის დაგეგმვისა და განხორციელების საშუალება. საზოგადოების ძალისხმევის კონცენტრირების მიზნით მიზანშეწონილად მიგვაჩნია, ყურადღება გავამახვილოთ ყველაზე პრობლემურ საკითხებზე, თუმცა, ვაგრძელებთ მუშაობას საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისათვის საჭირო სხვა საკითხებზე.”

###

არჩევნების თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მედიის წარმომადგენლება 13 თებერვალს წამოიწყეს კამპანია “ეს შენ გეხება”, რომლის მიზანი საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწა და წინასაარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაა. კამპანიის ფარგლებში, საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის მოთხოვნით, 170-მდე არასამთავრობო და მედია ორგანიზაციამ, აგრეთვე, 1500-მდე ფიზიკურმა პირმა ხელი მოაწერეს პეტიციას, რომელიც, საკანონმდებლო წინადადების პაკეტთან ერთად, საქართველოს პარლამენტს 17 თებერვალს წარუდგინეს. საკანონმდებლო წინადადებათა პაკეტი ოთხმა არასამთავრობო ორგანიზაციამ საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) და კოალიცია „არჩევნის თავისუფლებისთვის” პარლამენტში 2012 წლის 17 თებერვალს წარადგინა.

23 თებერვალს კამპანიის ორგანიზატორებმა თბილისსა და საქართველოს რვა ქალაქში გამართეს საინფორმაციო შეხვედრები, რომელზეც მოსახლეობას მიაწოდეს ინფორმაცია კანონით დაწესებული შეზღუდვების თაობაზე. 1 მარტს გაიმართა საკანონმდებლო წინადადებათა ავტორი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წარმომადგენლების პირველი შეხვედრა. 2 მარტს არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმა საკუთარი წინადადებები საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და პოლიტიკურ პარტიებს გააცნეს. კონსულტაციები კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით მომავალშიც გაგრძელდება.

 

ნახეთ ჩანაწერი: