კოალიცია ‘ადამიანის უფლებები ჯანმრთელობის სფეროში’ ხელისუფლებას და საზოგადოებას მიმართავს

24.09.2012

კოალიცია „ადამიანის უფლებები ჯანმრთელობის სფეროში”, რომელშიც გაერთიანებული ვართ ექიმები, იურისტები, ეკონომისტები, სოციოლოგები, ფსიქოლოგები, პედაგოგები და სხვა პროფესიის ადმიანები, ვგმობთ სასჯელაღსრულების სისტემაში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პრაქტიკას.

მოვითხოვთ ყველა აუცილებელი ღონისძიების გატარებას, რათა შეუძლებელი გახდეს პატიმართა წამება, დაცული და უზრუნველყოფილი იქნეს  საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო აქტებით გარანტირებული ადამიანის უფლებები და თავისუფლებები.

მიგვაჩნია, რომ საზოგადოებრივი კომისიისა და სახალხო დამცველის აპარატის ძალისხმევით უნდა მოხდეს საქართველოს პენიტენციალურ სისტემაში წამების, არაადამიანური მოპყრობისა და ღირსების დამამცირებელი მოპყრობის სხვა ფაქტების გამომჟღავნება, ფართომასშტაბიანი და დეტალური  გამოძიება,  დამანშავეთა  გამოვლენა და კანონის მოთხოვნათა შესაბამისად დასჯა.

ამასთან, მივმართავთ ყველა ექიმსა და სხვა სამედიცინო პერსონალს, აგრეთვე სასჯელაღსრულების სისტემაში მომუშავე ყველა ადამიანს, უარი თქვან პატიმართა წამებაში მონაწილეობაზე ან დასწრებაზე და მიაწოდონ საზოგადოებას ინფორმაცია პატიმართა წამების, არაადამიანური მოპყრობისა და ღირსების დამამცირებელი მოპყრობის სხვა ფაქტების შესახებ.

კოალიციაში შემავალი ორგანიზაციები მზად ვართ სამედიცინო, ფსიქოლოგიური და იურიდიული დახმარება გავუწიოთ წამებით დაზარალებულთა ოჯახებს.

ასოციაცია „უფლება ჯანმრთელობაზე”

წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი

საქართველოს ფსიქოსოციალური დახმარების ასოციაცია”ნდობა”

კავშირი „თანამშრომლობა თანაბარი უფლებებისთვის”

ფონდი „გლობალური ინიციატივები ფსიქიატრიაში”

კავშირი „ახალი ვექტორი”

საქართველოს ბიოეთიკის და ჯანმრთელობის დაცვის სამართლებრივი საკითხების შემსწავლელი საზოგადოება

პაციენტთა უსაფრთხოების საქართველოს ალიანსი