6 ივლისს, ფონდის “ღია საზოგადოება – საქართველო” ოფისში “კოალიციამ დევნილთა უფლებებისთვის” საზოგადოებას მუშაობის 6 თვის შედეგები წარუდგინა. “კოალიციის” მომზადებულ ანგარიშში ძირითადი ყურადღება დევნილთა საზოგადოებაში არსებულ პრობლემებზე მახვილდება. დოკუმენტი ასევე შეიცავს რეკომენდაციებს, რომლებიც შესაბამის უწყებებს გადაეგზავნათ.
იმავე შეხვედრაზე “კოალიციის” წარმომადგენლებმა დევნილთა 7 კომპაქტურ დასახლებაში ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგებიც წარმოადგინეს. კვლევის მიზანი იყო იძულებით გადაადგილებულთა სოციუმში არსებული პრობლემების სტატისტიკური მაჩვენებლების გამოკვეთა და ზოგადად მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლა. კვლევის ფარგლებში გამოკითხულ იქნა 1043 რესპოდენტი.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ საერთაშორისო, სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლები, რომლებიც რაიმე ფორმით ჩართულნი არიან საქართველოში დევნილთა საკითხების დარეგულირებაში.
“კოალიცია დევნილთა უფლებებისათვის” 2008 წლის ნოემბერში ფონდის “ღია საზოგადოება – საქართველო” მხარდაჭერით შეიქმნა და აქტიურად არის ჩართული დევნილთა მიმართ განხორციელებული პროგრამების მონიტორინგსა და დევნილთა უფლებების დაცვაში. კოალიციის წევრთა აბსოლუტური უმრავლესობას ცხინვალისა და ახალგორის რაინებიდან იძულებით გადაადგილებული პირები შეადგენენ. არსებობის საწყის ეტაპზე კოალიცია შედგებოდა 10 ორგანიზაციისა და საინიციატივო ჯგუფისაგან, თუმცა, მუშაობის პროცესში კოალიციაში მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციათა და საინიციატივო ჯგუფთა რაოდენობა 15-მდე გაიზარდა.
თამარ ქალდანი
ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის პროგრამა