კოალიციის შეფასება არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე გამოძიების დეპარტამენტის შექმნის შესახებ კანონპროექტზე

09.06.2017

„კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” ეხმიანება სამართალდამცავთა მხრიდან არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის ნაცვლად, საქართველოს პროკურატურაში გამოძიების დეპარტამენტის შექმნის შესახებ წარმოდგენილ კანონპროექტს და მიიჩნევს, რომ იგი ვერ პასუხობს დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის მინიმალურ მოთხოვნებს, რაც ცალსახად მიანიშნებს ხელისუფლების  პოლიტიკურ ნებაზე – არ განახორციელოს რეალური რეფორმა.

სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მიერ ჩადენილი დანაშაულის ეფექტიანი გამოძიება საქართველოსთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. ამგვარი ტიპის დანაშაულზე გამოძიება ბუნებრივად შეიცავს მიკერძოებისა და არაეფექტურობის მაღალ რისკებს. სწორედ მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი საგამოძიებო უწყების არარსებობამ შეუწყო ხელი სამართალდამცველ სისტემაში უფლებამოსილების გადამეტებისა და ადამიანის მიმართ არასათანადო მოპყრობის ფართოდ გავრცელებას.

ბოლო წლებში არაერთი შემთხვევა გასაჯაროვდა, სადაც დაკავებული პირები, ან მათი წარმომადგენლები, პირდაპირ მიუთითებენ სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტებზე:

2017 წლის 10 იანვარს საკუთარ სახლში დააკავეს გ. გ.  რომელიც პოლიციის თანამშრომლებს სიტყვიერ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. საგულისხმოა, რომ აღნიშნულ საქმეში გამოძიება პოლიციელთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების (სსკ-ის 333-ე მუხლი) კვალიფიკაციით მიმდინარეობს და არა დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის (სსკ-ის1443) მუხლით. კონკრეტული პირების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის საკითხი ჯერჯერობით არ დამდგარა. 

2017 წლის 16 თებერვალს სამართალდამცველებმა მოქალაქე ირაკლი ხოფერია გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში და სავარაუდოდ, მასზე იძალადეს. დაკავებულის განმარტებით, მას სთხოვდნენ ეღიარებინა დანაშაული, რომელიც არ ჩაუდენია, ემუქრებოდნენ ნარკოტიკული ნივთიერების ჩადებით და პარალელურად აყენებდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფას. გამოძიება შემთხვევიდან მხოლოდ ერთი თვის შემდგომ, 2017 წლის 15 მარტს დაიწყო,  თუმცა დღემდე არც ამ შემთხვევაში დამდგარა სისხლისსამართლებრივი პასუხისგების საკითხი.

სამწუხაროდ,  პოლიციის მხრიდან შესაძლო დანაშაულზე წარმართული არაეფექტური გამოძიებები ზემოაღნიშნული ჩამონათვალით არ შემოიფარგლება და ამ საკითხს მიეძღვნა სახალხო დამცველის 2015 წლის სპეციალური ანგარიშიც. ამასთანავე,  2016 წლის საპარლამენტო ანგარიშის მიხედვით, გაზრდილია დაკავებისას ან დაკავების შემდგომ სხეულის დაზიანების შემთხვევათა რაოდენობა.  ომბუდსმენი პირდაპირ მიუთითებს, რომ: „ბოლო 4 წლის მანძილზე სახალხო დამცველის მიმართვის შედეგად არცერთ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე არ დაწყებულა სისხლის სამართლებრივი დევნა”. გამოძიების არაეფექტურობაზე მიუთითებს 2013-2016 წლებში  საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმოებაში არსებული 21 საქმის ანალიზიც, რომელთა ფარგლებშიც ასევე არ დამდგარა სისხლისამართლებრივი პასუხისგების საკითხი.

განვითარებული მოვლენების ფონზე, „ადამიანის წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს” მიერ  მომზადებულია კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს ახალი დეპარტამენტის შექმნას პროკურატურის ფარგლებშივე. ამ მექანიზმით შემოიფარგლება რეფორმა, რომლის შესახებაც, სამოქალაქო სექტორთან ერთად, საქართველოს ხელისუფლება წლების განმავლობაში საუბრობს და რომელიც ასოცირების ხელშეკრულების დღის წესრიგის ნაწილია. სამართალდამცველთა მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოძიების კომპეტენცია კვლავ სამართალდამცველი ორგანოს წარმომადგენლების ხელში რჩება. პრობლემის გადაჭრის ამგვარი გზა, კერძოდ, მთავარი პროკურატურის სტრუქტურულ იერარქიაში დეპარტამენტის შექმნა ვერ პასუხობს საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საზოგადოების მოთხოვნას დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მექანიზმის შექმნის აუცილებლობის თაობაზე.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, „კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” მოუწოდებს:

წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელ საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს:

  • უზრუნველყოს აღნიშნულ საკითხზე ღია დისკუსია და სხვადასხვა დაინტერესებული მხარის ჩართულობით შემუშავდეს რეალურ ცვლილებებზე ორიენტირებული კანონპროექტი.

საქართველოს პარლამენტს: 

  • მოხდეს იმგვარი ცვლილებების ინიცირება, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყანაში სრტუქტურულად და შინაარსობრივად დამოუკიდებელი მექანიზმის შექმნას;
  • გაიმართოს კონსულტაციები საზოგადოებასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საერთაშორისო აქტორებთან.

 მოქალაქე გ.გ.-ს ინტერესებს კოალიციის წევრი ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა” იცავს.

 მოქალაქე ი. ხ-ს ინტერესებს კოალიციის წევრი ორგანიზაცია, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს”.

 საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია: „ სამართალდამცავთა მიერ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულის ფაქტები და მათზე სახელმწიფოს რეაგირება”, 2016

კოალიციის წევრები:

კონსტიტუციის 42-ე მუხლი

მრავალეროვანი საქართველო

საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია

სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი

საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის

ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრი

ლიბერალი

კონსტიტუციური უფლებების დაცვის ცენტრი

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება

კავშირი “21-ე საუკუნე”

საქართველოს ახალგაზდა იურისტთა ასოციაცია

ადამიანის უფლებათა ცენტრი

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო

დემოკრატ მესხთა კავშირი

თავისუფლების ინსტიტუტი

სამოქალაქო განვითარების სააგენტო

საქართველოს გაეროს ასოციაცია

ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი

ფონდი ღია საზოგადოება საქართველო

დემოკრატიის ინსტიტუტი

ამერიკის სავაჭრო პალატა

ევროპის ფონდი

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი

 ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი

თბილისის მედია კლუბი

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი

იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი

სამოქალაქო  ჩართულობის ინსტიტუტი

საქართველოს  იურიდიული ფირმების ასოციაცია

საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცი

საქართველოს ევროპული არჩევანი

ლიბერალური აკადემია თბილისი

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის

ადამიანის უფლებათა ქსელი

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა

კავშირი „საფარი”