ღია საზოგადოების ინსტიტუტის აკადემიური მხარდაჭერის პროგრამა აცხადებს კონკურსს 2010-2011 აკადემიური წლისათვის შემდეგ პროგრამებში:
უნივერსიტეტებთან პარტნიორობის პროგრამა – აკადემიური მხარდაჭერის პროგრამა 2010-2011 სასწავლო წლისათვის შეარჩევს პარტნიორ უნივერსიტეტებს (დეპარტამენტებს). აკადემიური მხარდაჭერის პროგრამა შერჩეულ პარტნიორ დეპარტამენტებს მრავალმხრივ დახმარებას სთვაზობს, მათ შორისაა უცხოელი მეცნიერების და ექსპერტების მოწვევა კონსულტანტებად, დასავლეთში განათლებამიღებული სამშობლოში დაბრუნებული ქართველი მეცნიერ-მკვლევარების წახალისება სტიპენდიებით, რათა მათ ასწავლონ შერჩეულ პარტნიორ დეპარტამენტში, დეპარტამენტის განვითარების გრანტები და სხვა. პარტნიორ დეპარტამენტებს ეძლევათ შესაძლებლობა თვითონ შეარჩიონ და მოიზიდონ ის ქართველი და უცხოელი მეცნიერები, რომლებიც აკადემიური მხარდაჭერის პროგრამაში ჩაერთვებიან. ანკეტების წარდგენის ბოლო ვადაა 2010 წლის 15 აპრილი. დაინტერესებულმა დეპარტამენტებმა უნდა წარმოადგინონ პროგრამაში მონაწილეობის მიღების სურვილის შესახებ განაცხადი 2010 წლის 1 მარტისთვის.
საერთაშორისო მკვლევარების სტიპენდიების პროგრამა – შეარჩევს მაღალი დონის და კვალიფიკაციის უცხოელ მკვლევარებს სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებებში, რათა მათ ითანამშრომლონ აკადემიური მხარდაჭერის პროგრამის პარტნიორ უნივერსიტეტებთან, გაუწიონ კონსულტაციები და დაეხმარონ უნივერსიტეტის შესაბამის დეპარტამენტებს განვითარებაში. შერჩეული მკვლევარი მიიღებს სტიპენდიას. პროგრამა ასევე დაფარავს მისი საქართველოში მგზავრობის, სასტუმროს და სხვა ხარჯებს. სტიპენდიის განახლება შესაძლებელია ყოველწლიურად. პროგრამის აუცილებელი მოთხოვნაა, რომ მკვლევარი უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას. ანკეტების წარდგენის ბოლო ვადაა 2010 წლის 7 აპრილი.
ადგილობრივი მკვლევარების სტიპენდიების პროგრამა – იწვევს ნიჭიერ ქართველ მკვლევარებს, რომელთაც მაგისტრის ან დოქტორის წოდება აქვთ მოპოვებული დასავლეთში და დაინტერესებულნი არიან საქართველოში უნივერსიტეტში ასწავლონ და დაიკავონ აკადემიური თანამდებობა. პროგრამა მონაწილეებს სთავაზობს სტიპენდიას და სხვადასხვა სახის დაფინანსებას, მათ შორის, პროფესიული განვითარების საგრანტო პროგრამას, უნივერსიტეტის/დეპარტამენტის განვითარების საგრანტო პროგრამას და სხვა. სტიპენდიის განახლება შესაძლებელია ყოველწლიურად. პროგრამის აუცილებელი მოთხოვნაა, რომ მკვლევარი უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას. ანკეტების წარდგენის ბოლო ვადაა 2010 წლის 7 აპრილი.
გთხოვთ, იხილოთ თანდართული დეტალური ინფორმაცია პროგრამებზე (ინგლისურ ენაზე):
დამატებითი ინფორმაციის და ანკეტების მოსაპოვებლად, გთხოვთ, დაუკავშირდეთ:
მაგდა მაღრაძეს
აკადემიური მხარდაჭერის პროგრამის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობა
ჭოველიძის ქ. 10, თბილისი 0108, საქართველო
ტელ.: (995 32) 91 27 84
ელ-ფოსტა: afp@csf.ge ან scout@csf.gehttp://www.soros.org/initiatives/hesp/focus/afp