19 აგვისტო, 2008
ქ. თბილისი, საქართველო
2008 წლის აგვისტოში, ე.წ. სამხრეთ ოსეთში მიმდინარე კონფლიქტის გამწვავებისა და რუსეთის ფედერაციის ინტერვენციის შედეგად შექმნილ კრიზისულ ვითარებაზე ფონდმა “ღია საზოგადოება – საქართველო” მყისიერი რეაგირება მოახდინა. ფონდმა სამოქალაქო სექტორის მობილიზების, ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების დოკუმენტირებისა და საქართველოში მიმდინარე მოვლენების უცხოური მედიით გაშუქების ანალიზის პარალელურად, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული დევნილთა პირველი ნაკადის თბილისში შემოსვლისთანავე დაიწყო მათზე ზრუნვა.
ფონდის თანამშრომლებმა ორგანიზება გაუკეთეს შემდეგ გადაუდებელ ღონისძიებებს:
ფონდმა “ღია საზაგადოება – საქართველო“ დაიწყო დევნილთა ჰუმანიტარული დახმარება – ფონდმა “ღია საზაგადოება – საქართველო” საკუთარი ბიუჯეტიდან გამოყო ფინანსური სახსრები დევნილთათვის კვების პროდუქტების, მედიკამენტების, ჰიგიენური საშუალებების, ტანსაცმლის, თეთრეულის, ბავშვთა კვების და მოვლის საშუალებებისა თუ საჭირო ნივთების შესაძენად; ფონდის თანამშრომლები, მოხალისეებთან ერთად, ყოველდღიურად ანაწილებენ პროდუქტებსა და საჭირო ნივთებს დევნილთა კომპაქტური ჩასახლების პუნქტებში.
ფონდს “ღია საზოგადოება – საქართველო” პირველივე დღესვე მხარში ამოუდგენენ არასამთავრობო ორგანიზაციები და კერძო პირები დევნილთა დასახმარებლად. მათთან ერთად (რაგბის მხარდამჭერთა ლიგა, ფონდი “ტასო”, საერთაშორისო განათლების ცენტრი, ქართული ხმები, ლაგოდეხის, ლელიანის, ათანას და სანიორეს მოსახლეობა კახეთიდან და … ჩამოტვირთეთ) ფონდმა დაიწყო და დღესაც აგრძელებს დევნილთა დახმარებას.
ფონდი “ღია საზაგადოება – საქართველო”, დევნილთა დახმარების მიზნით, დაუკავშირდა ადგილობრივ ბიზნეს ორგანიზაციებს (პსპ, ავერსი, BTA-Bank, M-ჯგუფი, შპს. “პოლიეთილენი” და სხვ.) რომლებიც უსასყიდლო დაეხმარნენ იძულებით გადაადგილებულ პირებს.
ფონდში “ღია საზაგადოება – საქართველო” მოხდა მოხალისე ფსიქოლოგების, ფსიქოთერაპევტებისა და სოციალური მუშაკების მობილიზება, რომლებმაც დაიწყეს დევნილთა ფსიქოლოგიური დახმარება მათ მიერ კომპაქტურად დასახლებულ ობიექტებზე.
ფონდში “ღია საზაგადოება – საქართველო” ამოქმედდა ცხელი ხაზი სადაც შეიძლება ინფორმაციის მიღება დევნილთა მიერ კომპაქტურად დასახლებული იმ ობიექტების შესახებ, რომლებიც გადაუდებელ დახმარებას საჭიროებენ. ცხელი ხაზის საშუალებით ფონდი ასევე აგროვებს ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ ვის რა ტიპის დახმარება შეუძლია დევნილი მოსახლეობისათვის.
ფონდი “ღია საზაგადოება – საქართველო” ეხმარება ქართულ მედია საშუალებებსა და სამოქალაქო საზოგადოების სექტორს ხმა მიაწვდინოს საერთაშორისო საზოგადოებას მოვლენების ობიექტური გაშუქებისათვის.19 აგვისტოს მდგომარეობით, ფონდმა “ღია საზოგადოება საქართველო“, მეგობრებთან ერთად, ერთჯერადი დახმარება გაუწია დაახლოებით 10 000 იძულებით გადაადგილებულ პირს, ხოლო ყოველდღიურად 5 000-მდე დევნილს ეგზავნება კვების პროდუქტები, ტანსაცმელი, თეთრეული, მედიკამენტები, ჰიგიენის საშუალებები და სხვ. კონკრეტული საჭიროებების გათვალისწინებით.