მე არ ვცნობ შეზღუდვებს, ვირჩევ თანაბარ შესაძლებლობებს!

11.12.2012

მე არ ვცნობ შეზღუდვებს, ვირჩევ თანაბარ შესაძლებლობებს!- ამ სლოგანით 3 დეკემბერს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დღე აღინიშნა.

სხვადასხვა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანი 3 დეკემბერს, სპორტის სასახლეში შეიკრიბა. ღონისძიებას ორგანიზება გაუწია მოძრაობამ ‘ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის’ ფონდი ‘ღია საზოგადოება-საქართველოს’  და ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერით.

3 დეკემბერი დაიწყო ინტეგრირებული მსვლელობა-მარათონით სააკაძის მოედნიდან სპორტის სასახლემდე.

სპორტის სასახლეში წარმოდგენილი იყო რამდენიმე ექსპოზიცია- ფოტო-გამოფენა; ბენეფიციარების ნახატების, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, საჩვენებელი მატჩი პარა-კალათბურთში, ინტეგრირებული ორკესტრის გამოსვლა, სმენისა და მეტყველების დარღვევების მქონე ადამიანების პერფორმანსები, ცოცხალი მუსიკის კონცერტი, სადაც მონაწილეობდნენ  დღეისთვის ყველაზე პოპულარული ქართული ახალგაზრდული ბენდები Z for Zulu, ZurGi, Landmark.

შშმ პირთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა დღის ცენტრებმა და ორგანიზაციებმა, რომლებიც შშმ პირთა უფლებების დაცვაზე მუშაობენ. ღონისძიებები ერთობლივად დაიგეგმა და განხორციელდა მეგობარი  ქვეყნების (სომხეთი, თურქეთი, ირანი) პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად. საერთო სლოგანით – მე არ ვცნობ შეზღუდვებს, ვირჩევ თანაბარ შესაძლებლობებს!

###

ათწლეულებია ყოველ 3 დეკემბერს მსოფლიო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს – შშმ ადამიანების უფლებების, თანასწორობის, ღირსების საპატივსაცემოდ.

საქართველოში კვლავაც პრობლემური რჩება შშმ პირთა უფლებების რეალიზაცია, საზოგადოებაში ინტეგრაცია, მათი საზოგადოებრივ სიკეთეებზე თანაბარი ხელმისაწვდომობა, საზოგადოებრივი ცნობიერება და ინფორმირებულობის ხარისხი.

ხშირ შემთხვევაში შესაძლებლობების შეზღუდვა გამომდინარეობს არა საკუთრივ მათი რესურსებიდან, არამედ გარემოსგან, რომელიც მათ დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აყენებს. ამით ზარალდება არა მხოლოდ შშმ პირთა თემი, არამედ მთლიანად საზოგადოება, რომელიც მათი სახით დიდ ადამიანურ რესურსს კარგავს.

 

* * *

მოძრაობა ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის” წელიწადზე მეტია, რაც არსებობს და ძირითადად ხერხემლის დაზიანების მქონე მოქალაქეებს აერთიანებს. მისი მისიაა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების ადვოკატირება მათთვის საზოგადოებრივ სიკეთეზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის. ამ კუთხით მოძრაობას არაერთი პროექტი განუხორციელებია და ამ მომენტშიც ახორციელებს.

„იმისათვის, რომ რეალური შედეგი მივიღოთ შშმ პირების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისა და უფლებების რეალიზაციის თვალსაზრისით, საზოგადოების ერთიანობასა და ერთსულოვნებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.” – ამბობენ ორგანიზაციის წევრები.

 

ფოტოგალერეა:

 

 

 

 

 

 

 

 

 

საჩვენებელი მატჩი პარაკალათბურთში, ნახეთ ვიდეო.