წყარო: ვებგვერდი “ეს შენ გეხება”
22 მაისს, საქართველოში მოქმედმა მედიასაშუალებებმა კამპანიის – „ეს შენ გეხება” მონაწილე ორგანიზაციების მიერ საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ საკანონმდებლო წინადადებებთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართეს. ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული წინადადების კანონმდებლობაში ასახვა მკვეთრად გააუმჯობესებს მედია გარემოს, რაც საარჩევნო გარემოს გაჯანსაღებასაც შეუწყობს ხელს.
მედია ორგანიზაციებმა საქართველოს პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომრის სახელზე გაავრცელეს მიმართვა და მოუწოდეს ხელისუფლებას, უმოკლეს ვადებში დაიწყოს 7 მაისს პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო წინადადებათა განხილვა. „ვფიქრობთ, რომ აღნიშნული ცვლილება თანაბარ პირობებში ჩაგვაყენებს მედიასაშუალებებს, აგრეთვე, წინასაარჩევნო პერიოდში უზრუნველყოფს საარჩევნო სუბიექტების თანასწორ უფლებებს და, რაც მთავარია, საქართველოს მოქალაქეებს მიეცემათ ტელემედიაზე თანაბარი წვდომის საშუალება. ეს კი ხელს შეუწყობს ამომრჩევლებს, მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე ინფორმირებული არჩევანი გააკეთონ”, – ნათქვამია მიმართვაში.
მიმართვას ხელს აწერს საქართველოში მოქმედი 72 მედია ორგანიზაცია. მათ შორის, 26 ტელეკომპანია, 24 გაზეთი, 8 ინტერნეტგამოცემა, მედიის საკითხებზე მომუშავე 11 არასამთავრობო ორგანიზაცია და 3 დამოუკიდებელი ჟურნალისტი.
###
კამპანიის „ეს შენ გეხება” მონაწილე არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმა კამპანიის მეორე ეტაპი 7 მაისს დაიწყეს. კამპანია ითვალისწინებს ცვლილებების შეტანას „საარჩევნო კოდექსში” და მედიაგარემოს გაჯანსაღებას საარჩევნო პერიოდში. ამასთან დაკავშირებით, 7 მაისს, კამპანიის მონაწილეებმა საქართველოს პარლამენტში საკანონმდებლო წინადადებათა პაკეტი შეიტანეს. იმავე დღეს, საკანონმდებლო წინადადებები საქართველოს პარლამენტის ბიურომ განიხილა, რის შემდეგაც, საკანონმდებლო პაკეტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადაეცა.
ნახეთ მედიამასალა ამ თემაზე:
Media.ge-მედიაორგანიზაციები პარლამენტს კამპანიის „ეს შენ გეხება” ფარგლებში მომზადებულ კონონპროექტის განხილვას სთხოვენ, ავტორი: ნატა ძველიშვილი. 22.05.2012
www.Palitratv.ge
კავკასია, საინფორმაციო გამოშვება, 22.05.2012
მაესტრო, საინფორმაციო გამოშვება, 22.05.2012