მერაბ მამარდაშვილის წიგნის პრეზენტაცია

01.11.2011

2011 წლის 3 ნოემბერს, 17:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგამოფენო დარბაზში (რუსთაველის გამზირი #3) გაიმართება ქართველი ფილოსოფოსის მერაბ მამარდაშვილის წიგნის “ცნობიერების ტოპოლოგია” პრეზენტაცია.

წიგნი სამი ნაწილისაგან შედგება: პირველი წარმოადგენს მერაბ მამარდაშვილის მიერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მარსელ პრუსტის ეპოპეაზე წაკითხული სალექციო კურსის (1984/85 წწ.) ლექციების თარგმანს. მეორე ნაწილია მასალები „მამარდაშვილის ფრანგული არქივიდან”. აქ მკითხველი გაეცნობა 1989/90 წლებში ფილოსოფოსის მიერ პარიზსა და ბარსელონაში წაკითხულ ლექციებს, მოხსენებებს და სხვადასხვა ფრანგულენოვანი გაზეთებისა და ჟურნალებისადმი მიცემულ ინტერვიუებს. ეს მასალები ფრანგულიდან ითარგმნა და ქართულ ენაზე პირველად დაიბეჭდა. მესამე ნაწილია ფილოსოფოსის სტატიები ცნობიერებისა და კულტურის პრობლემების შესახებ.

წიგნს წინასიტყვაობის სახით ერთვის მერაბ მამარდაშვილის მეგობრის, კოლეგისა და თანაავტორის, ფილოსოფოს ალექსანდრ პიატიგორსკის (1929-2009) ნაშრომი მერაბ მამარდაშვილისა და მისი ფილოსოფიის შესახებ.

წიგნი ეძღვნება მერაბ მამარდაშვილის (1930-1990) დაბადებიდან 80 წლისთავს.

კრებული მოამზადა სტრატეგიულ გამოკვლევათა ინსტიტუტმა  ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” მხარდაჭერით.

პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: http://mamardashviliseminars.ge/