“მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი თეორიული თვალსაზრისით არც ისე დიდია, შეშფოთების საფუძველს იძლევა მისი ზრდის ტემპები. საბოლოო ჯამში საქართველო სერიოზული გამოწვევის წინაშე დგას, მიუხედავად თვითშეზღუდვისა, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით განისაზღვრება და რომლის თანახმადაც სახელმწიფო ვალმა მთლიანი შიდა პროდუქტის 60 პროცენტს არ უნდა გადააჭარბოს, ბოლო წლებში ვალის ზრდის ტემპი მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპს აჭარბებს, რამაც ხელისუფლება “ქამრების შემოჭერის” და ვალების, თუნდაც გაყინვის გადაწყვეტილებამდე უნდა მიიყვანოს”- ეკონომიკის ექსპერტმა ნოდარ ხადურმა ამგვარი შეფასება გააკეთა 14 ივლისს, ფონდის ოფისში გამართულ მრგვალი მაგიდის შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს საგარეო ვალს და მდგრადი განვითარებისათვის ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებს და პერსპექტივებს ეხებოდა.
შეხვედრა ჩაატარეს ასოციაცია “მწვანე ალტერნატივამ” და ფონდმა “ღია საზოგადოება-საქართველომ” კოალიციის “გამჭვირვალე დახმარება საქართველოსთვის” და პროგრამის “აღმოსავლეთ-აღმოსავლეთი: პარტნიორობა საზღვრებს გარეშე” ფარგლებში.
შეხვედრაზე საუბარი იყო საქართველოს საგარეო და საშინაო ვალებზე 1995 წლიდან დღემდე. მაჩვენებლები ძირითადად ეროვნული ბანკის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებს ეყრდნობოდა. აქცენტი გაკეთდა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საერთაშორისო დონორების გადაწყვეტილებით საქართველოსთვის გამოყოფილ 4, 5 მილიარდ აშშ დოლარზე, საიდანაც 2 მილიარდი გრანტია, 2,5 მილიარდი კი- კრედიტი.
ნოდარ ხადურის შეფასებით “ამ თანხებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საქართველოსთვის, რომელმაც შედარებით რბილად გადაიტანა როგორც ომის, ისე გლობალური ფინანსური კრიზისის ზეგავლენა”.
“მწვანე ალტერნატივის” წარმომადგენლებმა მანანა ქოჩლაძემ და ირაკლი მაჭარაშვილმა მოხსენებები გააკეთეს კრედიტებითა და გრანტებით დაფინანსებული ინფრასტრუქტურული პროექტებისა და ვაზიანი-გომბორი-თელავის გზის მშენებლობის პროექტის შესახებ. ვაზიანი- თელავის გზის მშენებლობის პროექტი ითვალისწინებდა თბილისიდან კახეთის რეგიონთან დამაკავშირებელი 27 კილომეტრიანი საავტომობილო გზის რეაბილიტაციას, რისთვისაც საქართველოს მთავრობას მსოფლიო ბანკისგან 60 მილიონი აშშ დოლარი კრედიტის სახით უნდა მიეღო. პროექტით გათვალისწინებული იყო გზის გაფართოება და ოთხი ახალი ხიდის მშენებლობაც.
კოალიციის “გამჭვირვალე ფინანსური დახმარება საქართველოს” მიერ განხორციელებული მონიტორინგის პროცესში გამოვლინდა, რომ პროექტის მომზადება სერიოზული პროცედურული დარღვევებით მიმდინარეობდა. მწვანე ალტერნატივამ საკუთარი შენიშვნები წარუდგინა საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და მსოფლიო ბანკს. რეკომენდაციების თანახმად, სოფლებში გამავალ მონაკვეთებზე არ უნდა გაფართოებულიყო გზის სავალი ნაწილი, ძვირადღირებული ბეტონის ნაცვლად ასფალტის ტექნოლოგია უნდა გამოყენებულიყო…
“ვინაიდან ვაზიანი-გომბორის გზის ეს მონაკვეთი მეწყრული ზონაა, ბეტონის გზა ვერ იქნებოდა მეწყერებისგან გზის დაზიანების თავიდან აცილების გარანტია. ამდენად, ჩვენი რეკომენდაციით სახელმწიფოს უნდა გამოეყენებინა ასფალტის ტექნოლოგია, რომელიც იმ მომენტშიც და, თუნდაც ყოველ წელს შეკეთების შემთხვევაში, ნაკლებ ხარჯებთან არის დაკავშირებული”- აღნიშნა მანანა ქოჩლაძემ.
“მწვანე ალტერნატივის” ძალისხმევის შედეგად, მსოფლიო ბანკმა გადაწყვეტილება შეცვალა. შეცვლილი პროექტისათვის გამოყოფილი კრედიტის ოდენობა 2-ჯერ შემცირდა და 60 მილიონის ნაცვლად, 30 მილიონი შეადგინა.
პრეზენტაციები და შეხვედრაზე გამოთქმული რეკომენდაციები შეჯამდება და მომზადდება ანგარიში საქართველოს საგარეო ვალთან დაკავშირებით, რომელიც გავრცელდება, როგორც დონორებს და საერთაშორისო (აზერბაიჯანი, უკრაინა) ორგანიზაციებს, ასევე ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის.