მსჯელობა უმაღლესი განათლების რეფორმაზე თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში

01.04.2014

2014 წლის 2 აპრილს, 14:00 საათზე, თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველო” და უმაღლესი განათლების რეფორმის პლატფორმა სტუდენტებთან და აკადემიურ პერსონალთან ერთად უმაღლესი განათლების შესახებ დისკუსიას გამართავენ.

რეგიონში დაგეგმილი დისკუსიის მიზანია აკადემიური საზოგადოების, სტუდენტების, სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლების და სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჩართვა უმაღლესი განათლების სარეფორმო პროცესებში.

2013 წელს ფონდ “ღია საზოგადოება- საქართველო”-ს ფინანსური მხარდაჭერით განათლების პოლიტიკის დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტმა (EPPM) განახორციელა პროექტი „უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სტრატეგიული განვითარება საქართველოში – რეფორმის განხორციელების მხარდამჭერი პლატფორმის ჩამოყალიბება”. პროექტის პარტნიორები იყვნენ: TEMPUS-ის ეროვნული ოფისი, სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი(CSS), საერთაშორისო განათლების ცენტრი(CIE) და ღია საზოგადოების ფონდების აკადემიური მხარდაჭერის პროგრამა(AFP).

უმაღლესი განათლების პოლიტიკის ანალიზის საფუძველზე მომზადდა დოკუმენტების სამუშაო ვერსიები შემდეგი სტრატეგიული მიმართულებების მიხედვით: 

  • უნივერსიტეტების ავტონომია და აკადემიური თავისუფლება
  • უმაღლესი განათლებისა და კვლევის დაფინანსება და ფინანსური მართვა
  • სწავლებისა და კვლევის ინტეგრაცია
  • უმაღლესი განათლება და დასაქმება
  • ხარისხის უზრუნველყოფა.

პროექტის მიზანი ქვეყნის უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების სტრატეგიული მიმართულებების იდენტიფიცირება და სექტორის გარდაქმნის სტრატეგიული გეგმის შემუშავება იყო.