პოლიტიკურმა პარტიებმა საკუთარი ეკონომიკური პროგრამები წარმოადგინეს

28.05.2010

28 მაისს პოლიტიკური პარტიების პროგრამების წარდგენის შეხვედრები დასრულდა. შეხვედრებს ორგანიზება გაუწია ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” მხარდაჭერით. ერთი კვირის მანძილზე, პოლიტიკურ პარტიებს შესაძლებლობა ჰქონდათ მედიისთვის, ეკონომიკის დარგის ექსპერტებისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის თვითმმართველობის ეკონომიკური მოწყობის და ამ მიმართულებით არსებული პრობლემების შესახებ საკუთარი ხედვა გაეცნოთ. შეხვედრები 21 მაისს ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის პროექტის “თემატური დებატების ორგანიზება პოლიტიკური პარტიების განვითარებისა და ადგილობრივი არჩევნების გამჭვირვალობისთვის” ფარგლებში დაიწყო. 

პროექტი მიზნად ისახავდა პოლიტიკური პარტიების დახმარებას ეკონომიკური ხედვის ჩამოყალიბებაში,  თავისუფალი სადებატო სივრცის უზრუნველყოფას ადგილობრივი არჩევნების წინ და ეკონომიკურ და სოციალურ თემატიკაზე დებატების ორგანიზებას.

თბილისი მარიოტში გამართულ შეხვედრებზე საკუთარი ხედვა წარმოადგინეს პოლიტიკურმა გაერთიანებებმა ”ეროვნულმა საბჭომ”, ”ალიანსი საქართველოსთვის”, “თორთლაძე-დემოკრატიულმა პარტიამ”, ”თოფაძე-მრეწველებმა” და ”ნაციონალურმა მოძრაობამ”. ”ყველა იმ პარტიას, რომელმაც გამოთქვა სურვილი, პროექტის ფარგლებში გავუწიეთ დახმარება ეკონომიკური ხედვის შემუშავებაში. პროექტის მიზანია, რომ მედიას, ამომრჩეველს, საექსპერტო საზოგადოებას უფრო ნათელი წარმოდგენა ჰქონდეს პოლიტიკური პარტიების ეკონომიკურ პროგრამებზე”- ამბობს რევაზ საყევარიშვილი, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის წარმომადგენელი.  

პროექტის დასასრულს გამოიცემა ბროშურა, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის ეკონომიკურ საფუძვლებთან დაკავშირებით პოლიტიკური პარტიების მიერ წარმოდგენილ პროგრამებს გააერთიანებს.

ბროშურა მედიას, საქართველოში აკრედიტებულ საელჩოებს, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს წარედგინებათ.