სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის ორგანიზებით 20 აპრილს თსუ-ს მეორე კორპუსში სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის მიერ განხორციელებული პროექტის “დევნილ ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგიური დახმარება” დახურვა და შედეგების პრეზენტაცია.
პროექტი დაფინანსდა ფონდი “ღია საზოგადოება საქართველოს” საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პროგრამის მიერ 2009 წელს. პროექტის განხორციელება დაიწყო 2009 წლის აპრილში და დასრულდა 2010 წლის თებერვალში. პროექტის ფარგლებში იძულებით ადგილნაცვალ ბავშვებთან, მოზარებსა და მათ მშობლებთან ჩატარდა ჯგუფური კონსულტაციები, ტრენინგები მშობლებისათვის: პოსტ ტრავმატული სტრესული რეაქციების და მათი დაძლევის გზების, ტრავმული გამოცდილების მქონე ბავშვების და მოზარდების სპეციფიკური ასაკობრივი თავისებურებების, ქცევის მართვის და პოზიტიური მშობლობის შესახებ. მშობელთა ტრენინგზე მშობლების მიერ გამოვლინდა შვილებთან დაკავშირებული ფსიქოლოგიური სირთულეები, რის შემდეგაც განხორციელდა ინდივიდუალური ფსიქოლოგიური კონსულტაციები. გამოიცა ბუკლეტი დევნილ ბავშვთა მშობლებისათვის: “სირთულეები და მათთან გამკლავების გზები ტრავმირებულ ბავშვებსა და მოზარდებში”. პროექტის ფარგლებში ჩატარდა ტრენინგები ფსიქოლგებისათვის: „კრიზისული ინტერვენცია და პოსტ ტრავმული სტრესული აშლილობის პრევენცია.” პროექტი განხორციელდა თბილისში არსებულ კოლექტიურ ცენტრებსა და დევნილთა ახალ დასახლებებში.
პრეზენტაციაზე მოწვეულნი იყვნენ ოფიციალური პირები ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველოდან”, ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციიდან, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან, საქართველოს პარლამენტის, ჯანდაცვისა და ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტებიდან, UNICEF-დან, UNIFEM-დან, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციიდან (IOM), საქართველოს განათლებისა და მეცნიერებათა სამინისტროდან, აშშ საელჩოდან, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროდან; ორგანიზაცია საქართველოს ბავშვებიდან (COG), საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის კოალიციიდან, სახალხო დამცველის აპარატიდან, ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭოდან და ორგანიზაცია “გადავარჩინოთ ბავშვებიდან”.
პრეზენტაციაზე განიხილეს პროექტის შედეგები და რეკომენდაციები აღნიშნულ სფეროში განსახორციელებელი სამომავლო აქტივობებისათვის. პროექტის მონაწილე სტუდენტებსა და ფსიქოლოგებს გადაეცემათ პროექტის ფარგლებში გავლილი ტრენინგის „კრიზისული ინტერვენცია და პოსტ ტრავმული სტრესული აშლილობის პრევენცია” სერთიფიკატები.