რა უნდა გაკეთდეს საქართველოს ციხეებში აივ-შიდსის და ჰეპატიტების გავრცელების რისკის შესამცირებლად?

30.03.2010

22 მარტს  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში საქართველოს ციხეებში შპრიცების პროგრამებისა და აივ/შიდსის პროფილაქტიკის საკითხებზე სახელმწიფო საკოორდინაციო საბჭოს სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.  ჯგუფის მუშაობას დახმარებას უწევენ ფონდი ,,ღია საზოგადოება – საქართველო”, ღია საზოგადოების ინსტიტუტი და კანადის აივ/შიდსის სამართლებრივი ქსელი.

ჯგუფის მუშაობის მიზანია საქართველოს ციხეებში სისხლისმიერი გზით გადამდები დაავადებების გავრცელების რისკის შემცირება. ჯგუფის შემადგენლობაში შედიან სახელმწიფო საკოორდინაციო საბჭოს, პარლამენტის, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO), გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის სამმართველოს (UNODC) და გაეროს აივ/შიდსის ერთიანი პროგრამის (UNAIDS) რეკომენდაციით, აივითა და ჰეპატიტებით ინფიცირების რისკის შემცირებისათვის ციხეებში საჭიროა განხორციელდეს კომპლექსურიღონისძიებები, რომლებიც უნდა მოიცავდეს:

  • პატიმართა განათლებასა და მათთვის ინფორმაციის მიწოდებას;
  • პრეზერვატივების დარიგებასა და იმ სხვა ღონისძიებების განხორციელებას, რომელიც ამ დაავადებების სქესობრივი გზით გავრცელებას შეუშლის ხელს;
  • ნემსებისა და შპრიცების პროგრამების განხორციელებას;
  • წამალდამოკიდებულების მკურნალობას – კერძოდ ოპიოიდური ჩანაცვლებითი თერაპიის განხორციელებას;
  • კონსულტირებასა და ნებაყოფლობით ტესტირებას აივ-ზე;
  • აივ-ინფიცირებულთა მოვლას, მკურნალობასა და მხარდაჭერას, მათ შორის ანტირეტროვირუსული მკურნალობის განხორციელებას.