14-15 ნოემბერს რეგიონული მედიის 17 წარმომადგენელი არასამთავრობოთა კოალიციის პროექტის “გამჭვირვალე ფინანსური დახმარება-საქართველოს”- ფარგლებში 2 დღიან ტრენინგის დაესწრო. დონორთა მიერ გაწეული დახმარების გამჭვირვალობა, საგარეო ვალები, სახელმწიფო შესყიდვები, მიღებული თანხების სექტორებზე გადანაწილება, დახმარებების მიღების და უკან დაბრუნების სქემები და ვადები, დახმარების ათვისების პრობლემები, კორუფციასაშიში ზონები სახელმწიფო შესყიდვებში -ეს ჩამონათვალი იმ თემების ნაწილია, რომელიც კურსის მასალას შეადგენდა.
ტრენინგის ჩატარების ინიციატივა განაპირობა იმ ფაქტმა, რომ რეგიონული ჟურნალისტებისთვის ინფორმაციის მოძიების წყაროები ძალზედ მწირია. გარდა ამისა, მათ აქვთ სურვილი გაიმდიდრონ ლექსიკა და გამოიყენონ სწორი ტერმინოლოგია არსებული საკითხის გაშუქებისას, მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შეარჩიონ საკითხის გაშუქების სწორი რაკურსი.
თემატიკა ჟურნალისტების საჭიროებების შესაბამისად შეირჩა. საკითხები სირღრმისეულად და ამავე დროს, მონაწილეთათვის გასაგებ ენაზე იყო გადმოცემული.
“რეგიონული ჟურნალისტებისთვის სირთულეებთან არის დაკავშირებული აგვისტოს ომის დროს დევნილთა ამჟამინდელ საცხოვრებელ ადგილებში ჩასვლა და რეპორტაჟების მომზადება, კოალიციის პროექტის ფარგლებში გავრცელებული ინფორმაცია ერთადერთი საშუალებაა პირადად ჩემთვის ამ საკითხებზე სტატიები მოვამზადო. ამ მიმართულებით სხვა საინფორმაციო წყარო პრაქტიკულად არ არსებობს, არ გვაქვს”-აღნიშნავს გელა მთივლიშვილი, კახეთის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი.
ჟურნალისტებს შორის აღმოჩნდა ანალიტიკოსი, სამხედრო-პოლიტიკური საკითხების ექსპერტი თამაზ ინაიშვილი,ლანჩხუთი პლიუსის წარმომადგენელი. რომლისთვისაც თემა არ იყო უცხო, თუმცა მიღებული ინფორმაცია დაეხმარება, რომ უფრო ღრმად გააანალიზოს საკითხი. “მიღებული ცოდნა ანალიტიკურ ნაშრომებში და ჩემი რაიონის მოსახლეობის უკეთ ინფორმირებისთვის გამომადგება”-აღნიშნავს იგი.
კურსის თემატიკა ბევრი ჟურნალისტისთვის ახალი იდეების წყარო აღმოჩნდა. ზოგიერთი მონაწილის თქმით მიღებული ინფორმაცია ჟურნალისტური გამოძიების საწარმოებლად ძალზედ “საინტერესო მასალაა”. საკითხში უკეთ გათვიცნობიერება დაეხმარა ჟურნალისტებს, აარჩიონ ის კონკრეტული თემები, რომელზეც მომავალში იმუშავებენ და რომელსაც უფრო სიღრმისეულად შეისწავლიან . “აქ მიღებული ცოდნას წარმატებით გამოვიყენებ პრაქტიკაში, მიღებული ინფორმაციის საფუძველზე უკვე საინტერესო თემები შევარჩიე საგაზეთო სტატიებისთვის, რაც მკითხველს უთუოდ მიიზიდავს”-ამბობს მარიკა ვაჭარაძე, გაზეთის “პოსტსკრიპტუმი” ჟურნალისტი.