“რუსულ-ქართული კონფლიქტი: მიზეზები, შედეგები, პერსპექტივები” კრებული გამოქვეყნდა
კრებული სახელწოდებით “რუსულ-ქართული კონფლიქტი: მიზეზები, შედეგები, პერსპექტივები” დღეს გამოცემის ავტორებმა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში შეკრებილ აუდიტორიას წარუდგინეს.
კრებულის გამოცემას სახელწოდებით “რუსულ-ქართული კონფლიქტი: მიზეზები, შედეგები, პერსპექტივები”- ქართული საზოგადოება მოუთმენლად ელოდა. იგი დღეს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში შეკრებილ აუდიტორიას კრებულის ავტორებმა წარუდგინეს.
ეს კრებული პირველი პუბლიკაციაა, რომელიც გასულ წელს, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სამართლისა და პოლიტიკის სკოლის მიერ დაარსებულმა საქართველო-რუსეთის კონფლიქტის კვლევის ცენტრმა მოამზადა. გამოცემა ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს” მხარდაჭერით მომზადდა. მისი რედაქტორი სამართლისა და პოლიტიკის სკოლის დეკანი, ბაკურ კვაშილავაა. რეცენზენტები კი ირაკლი მენაღარიშვილი, ზვიად ქორიძე, ზურაბ აბაშიძე, ბაკურ კვაშილავა და თორნიკე შარაშენიძე არიან.
ქართულ-ოსური კონფლიქტის ქრონოლოგია, აფხაზეთის კონფლიქტის ისტორიის მიმოხილვა, რუსეთის საგარეო პოლიტიკა ყოფილ საბჭოთა კავშირში, დემოკრატიის განვითარების უკუსვლა რუსეთში, მედიის განვითარება და დემოკრატიის ტენდენციები- კრებულში შემავალი ძირითადი თემებია.
დამსწრე აუდიტორიამ ამგვარი კრებულის გამოცემის ინიციატივა დადებითად შეაფასა და იმედი გამოთქვა, რომ ამ მიმართულებით მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება. ავტორები მიესალმებიან რაც შეიძლება მეტ სადისკუსიო შეხვედრებს კრებულში წამოჭრილ თემატიკასთან დაკავშირებით და მზად არიან დაინტერესებული მკითხველის მრავალ შეკითხვას უპასუხონ.
რუსულ-ქართული კონფლიქტის შესახებ კვლევებს ცენტრი მომავალშიც ჩაატარებს და მალე რიგით მეორე პუბლიკაციასაც შემოგვთავაზებს.
ანი ახალკაცი
სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის პროგრამა