24-25 იანვარს, ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოსა და ღია საზოგადოების ინსტიტუტის ორგანიზებით ჩატარდა საერთაშორისო ტრეინინგი “ტკივილის ეფექტური მართვა ინკურაბელურ პაციენტებში.”
სემინარში მონაწილეობა მიიღო ასმა ექიმმა საქართველოში არსებული ჰოსპისებიდან, შინ მოვლის სამსახურებიდან, ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის პალიატიური მზრუნველობის სამსახურიდან, სხვადასხვა საავადმყოფოებიდან და პოლიკლინიკებიდან.
ღონისძიება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ მიხეილ დოლიძემ, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობისა და სოციალური კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ თოიძემ და ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს” აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთევან ხუციშვილმა გახსნეს. ორი დღის განმავლობაში სემინარს უძღვებოდნენ სან დიეგოს ჰოსპისთან არსებული პალიატიური მედიცინის ინსტიტუტის პროფესორები.
ტრეინინგის მიზანია მოწვეული ამერიკელი ტრენერების დახმარებით ექიმების კვალიფიკაციის ამაღლება, რათა მათ შეძლონ ხელი შეუწყონ პაციენტის სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებას და ადამიანის ტკივილის გარეშე ცხოვრების უზრუნველყოფას.
დღეისათვის არსებობს მკურნალობის ხელმისაწვდომი საშუალებები ტკივილის მართვისათვის, ასევე იმ სხვა მრავალი მიზეზის მოხსნისათვის, რომლებიც ტანჯვას აყენებენ არა მხოლოდ კიბოთი დაავადებულებს, არამედ ისეთი ქრონიკული სენით შეპყრობილ და დაავადების ტერმინალურ სტადიაში მყოფ ადამიანებს, როგორიცაა გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ინსულტი, შიდსი და სხვა. ამ პრობლემის წინაშე დგანან ხანში შესული ადამიანები და ბავშვები.
ამდენად, აღნიშნული სემინარი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს სამედიცინო პერსონალის ცოდნის გაღრმავებაში.