2016 წლის 10-21 აგვისტოს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აბასთუმნის სასწავლო ბაზაზე ილიაუნის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის ორგანიზებითა და „ფონდ ღია საზოგადოება – საქართველოს” ფინანსური მხარდაჭერით, გაიმართება საზაფხულო სკოლა.
საზაფხულო სკოლის თემაა: „რევოლუცია: კონცეფციები და კონტექსტები”.
ლექცია-სემინარებსა თუ სადისკუსიო შეხვედრებზე განიხილება შემდეგი საკითხები:
რა განვითარება და გარდაქმნები განიცადა რევოლუციის ცნებამ თანამედროვე საზოგადოებისა და პოლიტიკის გავლენიან თეორეტიკოსთა ნაშრომებში?
როგორ გადავიდა პოლიტიკური რევოლუციის კონცეფციები და მოდელები სხვა სფეროებში?
რა მიმართებაშია რევოლუციის გაგება რეაქციონერობისა თუ რეფორმიზმის საკითხებთან?
როგორ გამოიყენება რევოლუციის ცნება უახლესი ისტორიის მოვლენების აღსაწერად („არაბული გაზაფხული”, „ვარდების რევოლუცია”, სტუდენტური პროტესტები და ა. შ.)?
აკადემიური პერსონალი:
სკოლაში ლექცია-სემინარებს ჩაატარებენ ევროპასა და საქართველოში მოღვაწე მეცნიერები ფილოსოფიის, სოციალური თეორიისა და ისტორიის დარგებში: ვოლფგანგ შიველბუში, ფალკო შმიდერი, გალ ჰერცი, მამუკა ბერიაშვილი, გიორგი მაისურაძე, ლუკა ნახუცრიშვილი და გიორგი ღვინჯილია.
მონაწილეობის პირობები:
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ თბილისში არსებული უნივერსიტეტების, ასევე, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყველა საფეხურის სტუდენტებს.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, 2016 წლის 25 ივლისის ჩათვლით, ელექტრონულ მისამართზე summerphilo@iliauni.edu.ge გამოგვიგზავნოთ თქვენი ბიოგრაფია (CV) და ესე (არაუმეტეს 2 გვერდისა) თემაზე: „თანამედროვე სამყაროში მიმდინარე რომელ (პოლიტიკურ ან სხვა) პროცესს განსაზღვრავდით, როგორც რევოლუციურს, და რა იქნებოდა მისი უმთავრესი ნიშან-თვისებები?”
მონაწილეთა შერჩევა:
საზაფხულო სკოლის მონაწილეები შეირჩევიან ესეების კონკურსის საფუძველზე.
სტუდენტები, რომლებიც წარმატებით გაივლიან შესარჩევ კონკურსს, მოიპოვებენ სრულ დაფინანსებას საზაფხულო სკოლაში მონაწილეობისათვის.
ლექცია-სემინარების შესახებ:
ლექცია-სემინარები ჩატარდება გერმანულ და ინგლისურ ენებზე, თანმიმდევრული ქართული თარგმანის თანხლებით;
სკოლა მოიცავს სრულ 9 სასწავლო დღეს (შუალედში ერთი საექსკურსიო დღით);
უცხოელი პროფესორების ლექცია-სემინარების საშუალო ხანგრძლივობა (შუალედში შესვენების ჩათვლით) იქნება 3 საათი, რადგან ლექციის ნახევარი დაეთმობა თანმიმდევრულ ქართულ თარგმანს. ქართულენოვანი ლექცია-სემინარების საშუალო ხანგრძლივობა იქნება 2 საათი.
საკითხავი მასალა:
სკოლაში მონაწილეობის მისაღებად შერჩეულ სტუდენტებს დაურიგდებათ რიდერები, რომლებშიც მოცემული იქნება თითოეულ სემინარზე განსახილველი პირველადი ტექსტები. იგივე მასალა სტუდენტებს კონკურსის დასრულებისთანავე მიეწოდებათ ელექტრონული სახით.
საზაფხულო სკოლის აკადემიურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო), ხოლო ფინანსურ მხარდაჭერას – „ფონდი ღია საზოგადოება – საქართველო”.