საზოგადოებრივი აზრი თვითმმართველობაზე და ადგილობრივი დემოკრატიის განვითარება

07.12.2011

7 დეკემბერს, ფონდმა “ღია საზოგადოება-საქართველომ” წარმოადგინა ადგილობრივი დემოკრატიის განვითარების წლიური ანგარიში. ანგარიშის პრეზენტაცია სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” გაიმართა.

გამოცემაში გაანალიზებულია საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროში განხორციელებული ცვლილებები და განხილულია 2009-2010 წლების განმავლობაში დეცენტრალიზაციის პროცესის მიმდინარეობა. მსგავსი ანგარიშები ფონდმა 2006, 2007 და 2008 წლებშიც მოამზადა.

დეცენტრალიზაციის პროცესთან დაკავშირებით აღწერილი და შეფასებულია:

  • მიმდინარე რეფორმების პოლიტიკა და ზოგადად პროცესის ანალიზი;
  • 2010 წლის კონსტიტუციური ცვლილებების გავლენა თვითმმართველობის სფეროზე;
  • რეგიონული განვითარების ტენდენციები საქართველოში;
  • 2009-2010 წლებში ადგილობრივი მმართველობის სფეროში მიღებული კანონმდებლობა და მისი აღსრულება;
  • თვითმმართველობის სფეროში ხელისუფლების საქმიანობა, ადგილობრივი პროგრამებისა და პროექტების შეფასება;
  • საზოგადოებრივი მომსახურების გაწევის სფეროში არსებული მდგომარეობა

ანგარიშში მოცემულია დეცენტრალიზაციის პროცესის დინამიკაც. კვლევის მიგნებები ცხადყოფს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის როლის დაკნინება ჩანს ყველა იმ მიმართულებით, რომლებიც აჩვენებს ქვეყანაში  დეცენტრალიზაციის განვითარების დონეს. ეს მიმართულებებია: საკანონმდებლო ბაზა, უფლებამოსილების განხორციელება და დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების ხარისხი თვითმმართველობების მიერ, თვითმმართველობის სტრუქტურა, საზოგადოებრივი მომსახურება- თვითმმართველობების მონაწილეობა და გადაწყვეტილებების მიღება ინფრასტრუქტურული განვითარების პროცესში.

ამავე ანგარიშის ფარგლებში გამოცემული მეორე დოკუმენტია  სოციოლოგიური კვლევის ანგარიში “საზოგადოებრივი აზრი ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საქართველოში”. დოკუმენტის მომზადების მიზანი იყო საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულების დახასიათება ადგილობრივი თვითმმართველობების მიმართ და მისი შედარება 2006-2007 წლების მონაცემებთან.

“ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამ კვლევით და ანალიზით გავიგებთ, მიიჩნევს თუ არა მოსახლეობა ადგილობრივ თვითმმართველობას მნიშვნელოვან ინსტიტუტად. აინტერესებს თუ არა საზოგადოებას ამ ინსტიტუტების ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საკითხები? რამდენად ინფორმირებულები არიან ისინი ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობის შესახებ. ენდობიან თუ არა ისინი ადგილობრივ დონეზე არჩეულ წარმომადგენლებს და აკმაყოფილებთ თუ არა მათი საქმიანობის ხარისხი. ასევე მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ რა სახის კომუნიკაციაა ადგილობრივ მოსახლეობასა და მოქალაქეებს შორის და როგორია მოქალაქეების ჩართულობის ხარისხი ადგილობრივ  საზოგადოებრივ საქმიანობაში”- ამბობს პროექტის კოორდინატორი, თინიკო ბოლქვაძე.

ინფორმაციის მთავარი წყარო საქართველოს მასშტაბით გამოკითხული 1500 რესპონდენტია. დოკუმენტში მოცემულია საერთაშორისო შედარებაც. უფრო კონკრეტულად, რამდენიმე შედეგის მაგალითთან დაპირისპირებულია პოლონეთში ჩატარებული კვლევის შედეგები. ვარშავის უნივერსიტეტის ადგილობრივი განვითარებისა და პოლიტიკის დეპარტამენტის წარმომადგენლის, პაველ სვიანიევიჩის თქმით, პოლონეთის დეცენტრალიზაციის რეფორმა ყველაზე სამაგალითო დეცენტრალიზაციის რეფორმაა აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს შორის და ეს შედარების საინტერესო წერტილს წარმოადგენს საქართველოში არსებულ ვითარებასთან”. ზოგიერთ შემთხვევაში, შედარებითი მაგალითები მოყვანილია მეზობელი ქვეყნებიდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან.

ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობდნენ ექსპერტები:

დავით ზარდიაშვილი, თემურ თორდინავა, რევაზ კაკულია, ოთარ კიკვაძე, ირაკლი კობახიძე, ოთარ კონჯარია, დავით ლოსაბერიძე, შოთა მურღულია, დავით ნარმანია, ალექსანდრე სვანიშვილი, ეკა სირაძე, გია ტოკლიკიშვილი, მიხელი ძაგანია, თამარ ხიდაშელი, ვახტანგ ხმალაძე.

გარდა ზემოთ ჩამოთვლილი ავტორებისა, სოციოლოგიურ კვლევაზე მუშაობდა პაველ სვიანიევიჩი, ვარშავის უნივერსიტეტის ადგილობრივი განვითარებისა და პოლიტიკის დეპარტამენტის წარმომადგენელი.

ნახეთ ანგარიშების სრული ვერსიები:

საქართველოში ადგილობრივი დემოკრატიის განვითარების წლიური ანგარიში
საზოგადოებრივი აზრი ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საქართველოში

 

თემასთან დაკავშირებული სტატიები:

ცენტრალიზაცია დეცენტრალიზაციის ნაცვლად– რადიო ”თავისუფლების” ვებგვერდი, 7 დეკემბერი, 2011;

რამდენად მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის ადგილობრივი თვითმმართველობა– ინტერნეტგამოცემა ”ნეტაგაზეთი”, 7 დეკემბერი, 2011, ავტორი: ოთო დალაქიშვილი.