სამოქალაქო საზოგადოება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს დაკომპლექტების საკითხზე მსჯელობს

26.01.2010

 

 

19 ოქტომბერს, შერატონ მეტეხი პალასში მედია კლუბის ინიციატივით და ფონდის”ღია საზოგადოება საქართველო” ორგანიზებით სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტებასთან დაკავშირებული სადისკუსიო შეხვედრა გამართეს. 

იმის გათვალისწინებით, რომ მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები ხელისუფლებასა და ოპოზიციური პარტიების ნაწილს შორის სამეურვეო საბჭოში დარჩენილ შვიდი ვაკანტური ადგილის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით,    სამოქალაქო საზოგადოებამ დაინახა იმის საჭიროება, რომ ჩამოაყალიბოს საკუთარი ხედვა და დამოკიდებულება მიმდინარე საკითხთან მიმართებაში.

“ჩვენი შეკრების მიზანია დავანახოთ საზოგადოებას, რომ აუცილებელია, საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭო დაკომპლექტდეს არა პოლიტიკური პრინციპით, ანუ რამდენიმე ოპოზიციის, რამდენიმე ხელისუფლების კანდიდატურით, არამედ დაიწყოს რეალური დეპოლიტიზაცია. ფაქტიურად ის მცდელობა, რაც დღეს მედია კლუბმა წარმოადგინა, ამ პროცესის დასაწყისია.”-ამბობს ქეთი ხუციშვილი, ფონდი “ღია საზოგადოება-საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი.

შეხვედრაზე მედია კლუბის მიერ ინიცირებული შვიდი კანდიდატი იქნა დასახელებული. “თუმცა ეს არ არის საბოლოო გადაწყვეტილება და ჩვენ ღია ვართ დისკუსიისათვის და განსხვავებული აზრის მოსასმენად. ჩვენი შეკრების მიზანია, რომ საბჭოს არჩევა მოხდეს არა პოლიტიკოსების ურთიერთშეთანხმებით, არამედ სამოქალაქო საზოგადოების კანდიდატურებით. “-განაცხადა კლუბის წევრმა ნინია კაკაბაძემ.

კანდიდატები სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მიუკერძოებელი, არაპოლიტიკური ფიგურები არიან.  მედია კლუბი დასახელებული კანდიდატურების განაცხადებს საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოში მომდევნო  1 კვირის განმავლობაში შეიტანს.

შეხვედრა ფონდის ინიციატივათა სერიის ფარგლებში განხოციელდა, რომელიც ქვეყნისათვის საჭირბოროტო საკითხებზე სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფის გულისხმობს. ბოლო პერიოდში ფონდმა უზრუნველყო ჟურნალისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების სადისკუსიო შეხვედრების ორგანიზება სხვადასხვა თემების გარშემო.

 

 

თამარ ქალდანი
ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის პროგრამა