18 თებერვალს ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს” ოფისში საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოსათვის უძრავი ძეგლის სტატუსის აღდგენასთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნულმა პლატფორმამ პრესკონფერენცია გამართა.
პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს და მოწვეულ საზოგადოებას გააცნეს განცხადება, რომელსაც ხელს აწერს ეროვნული პლატფორმის 66 წევრი არასამთავრობო ორგანიზაცია და 8 არაწევრი ორგანიზაცია.
განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები მიმართავენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს დაუყონებლივ, მკვეთრად და საჯაროდ დააფიქსიროს საკუთარი და სამინისტროს პოზიცია საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოსათვის უძრავი ძეგლის სტატუსის აღდგენასთან დაკავშირებით. ორგანიზაციებმა ასევე მიმართეს საერთაშორისო ორგანიზაციებს გაითვალისწინონ საყდრისი-ყაჩაღიანის ზოგადსაკაცობრიო ღირებულება და გამომდინარე დღევანდელი საგანგაშო მდგომარეობიდან მოახდინონ მყისიერი რეაგირება ობიექტის გადასარჩენად.
პრესკონფერენციაში მონაწილეობდნენ: ალექსანდრა კალატოზიშვილი, საქართველოს ეროვნული პლატფორმის მე-4 სამუშაო ჯგუფის კოორდინატორი, სულხან სალაძე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, მარინე მიზანდარი, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ნატო ცინცაბაძე, ძეგლებისა და ღირსშესანიშნაობათა საერთაშორისო საბჭოს (ICOMOS) საქართველოს ეროვნული კომიტეტი, გოდერძი ნარიმანიშვილი, არქეოლოგი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი და ნინო გუჯარაიძე, ასოციაცია “მწვანე ალტერნატივა”.
პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს წარუდგინეს ავსტრალიელი, გერმანელი და ამერიკის შეერთებული შტატების მეცნიერების წერილები, რომლებიც მათ საბადოს შესახებ ქართულ მხარეს მოწერეს.
კულტურის მინისტრის ყოფილი მოადგილის, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის მარინა მიზანდარის თქმით უპრიანი იქნება საერთაშორისო ექსპერტების მოწვევა, რომ მოხდეს საბადოს შესწავლა ისე, რომ ქვეყნის არც კულტურული მემკვიდრეობის და არც ეკონომიკური ინტერესები არ დაზარალდეს. „არავინ ებრძვის და არავინ უპირისპირდება საწარმოს (RMG-ის) ინტერესებს და არავინ ფიქრობს, რომ საწარმომ შეწყვიტოს საქმიანობა. არავის უნდა ასევე ამ კომპანიაში დასაქმებული თანამშრომლების განთავისუფლება და მათი უმუშევრად დატოვება” – აღნიშნა მარინა მიზანდარმა. მან ხაზი გაუსვა, რომ კომპანიისგან საზოგადოება ითხოვს მხოლოდ იმას, რომ საწარმო გაუფრთხილდეს კულტურულ მემკვიდრეობას და წიაღისეულის მოპოვება განახორციელოს არა აფეთქების (რაც დააზიანებს კულტურულ მემკვიდრეობას) გზით, არამედ შახტური (გვირაბული) წესით.
არქეოლოგმა გოდერძი ნარიმანიშვილმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო კონვენციები, რომელსაც საქართველოა მიერთებული და ევროკავშირსა და საქართველოს შორის ინიცირებული ასოცირების ხელშეკრულება ავალდებულებს საქართველოს მთავრობას იზრუნოს და დაიცვას ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობა. მან გაახმოვანა ეროვნული მუზეუმის სამეცნიერო საბჭოს ინიციტივა და მზადყოფნა უმასპინძლოს საერთაშორისო კონფერენციას საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოს საკითხებთან დაკავშირებით.
დაპირისპირება ეკონომიკურ, კულტურულ, საოციალურ და გარემოსდაცვით ინტერესებს შორის უნდა გადაიჭრას კონსტრუქციული ურთიერთთანამშრომლობის გზით ისე, რომ არ დაზარალდეს საზოგადოების არც ერთი ინტერესი და მომავალში სხვა მრავალი „საყდრისი-ყაჩაღიანი” არ იყოს დასაცავი და გადასარჩენი – აღნიშნა ნატო ცინცაბაძემ, ICOMOS-ის წარმომადგენელმა.
პრესკონფერენციის დროს ხაზი გაესვა კულტურული მემკვიდრეობის გამოყენებას მუზეუმების, კულტურული ტურიზმისა და სამეცნიერო საქმიანობის განვითარების მიმართულებით.
პრესკონფერენციის შემდეგ იმსჯელეს პრობლემის მყისიერად გადასაჭრელად საზოგადოების მხრიდან განსახორციელებელ ქმედებებზე.
გამოიკვეთა 4 ძირითადი მოთხოვნა:
1.საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოსათვის უძრავი ძეგლის სტატუსის აღდგენა
2.საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოს დღევანდელი მდგომარეობის შესწავლა ადგილობრივი მონიტორინგის ჯგუფის მიერ, რომელიც დაკომპლექტდება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სპეციალისტებით და ყველა დაინტერესებული მხარის წარმომადგენლებით
3.საერთაშორისო ექსპერტებით შექმნილი კომისიის მოწვევა და საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოს პრობლემის გადაჭრა
4.საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზება საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოს საკითხებთან დაკავშირებით
გამოითქვა მოსაზრება, შემდეგი შეხვედრა შედგეს მრგვალი მაგიდის ფორმატში.
საქართველოს ეროვნული პლატფორმის განცხადების სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ აქ…