საქართველოს საზოგადოებრივი ორგანიზაციები მოლაპარეკებებისკენ მოუწოდებენ ხელისუფლებას და ოპოზიციას…

27.01.2010

 

17 აპრილი, 2009 წელი  



საქართველოს საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები საქართველოში არსებული კრიზისის გამო მიმართავენ პოლიტიკურ სუბიექტებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს  შემდეგი პოზიციით:

 

  • პროტესტის მშვიდობიანი ფორმით გამოხატვის უფლება აქვს ყველა მოქალაქეს. ამდენად, საქართველოს მოსახლეობის საპროტესტო აქცია სავსებით კანონიერია და შეესაბამება დემოკრატიულ სტანდარტებს;
  • ხელისუფლება ვალდებულია დაიცვას მოქალაქეთა უფლებები, მათ შორის – პროტესტის გამოხატვის უფლება. პოზიტიური ფაქტია, რომ ხელისუფლება არ იმეორებს 2007 წლის 7 ნოემბერს დაშვებულ შეცდომებს;
  • ამავე დროს, საპროტესტო აქციების დაწყებისთანავე თავი იჩინა ძალადობის ფაქტებმა მიტინგის მონაწილეთა მიმართ; დაუდგენელი პირები თავს ესხმიან და სცემენ საპროტესტო აქციების ცალკეულ მონაწილეებს. კონკრეტული თავდასხმების დეტალები, კერძოდ, ნიღბიანი, რეზინის ხელკეტებით შეარაღებული პირები და პოლიციის უმოქმედობა  ბადებს ეჭვს, რომ ძალადობა ხორციელდება ხელისუფლებასთან შეთანხმებით. ვარაუდს ამყარებს ისიც, რომ მიუხედავად არაერთი მიმართვისა, არ გამოვლენილა არც ერთი ეჭვმიტანილი და, საპატრულო პოლიცია ძირითადად თვალს ხუჭავს მშვიდობიანი დემონსტრაციის მომაწილეთა მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე. ძალადობის თითოეული ფაქტის სასწრაფო გამოძიება, დამნაშავეთა დასჯა და საპროტესტო აქციების მონაწილეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა ერთადერთი საშუალებაა ხელისუფლებისთვის გააქარწყლოს არსებული ეჭვი. წინააღმდეგ შემთხვევაში, მიმართვის ავტორები უფლებას იტოვებენ მთელი პასუხისმგებლობა ძალადობრივ ქმედებებზე დააკისრონ ხელისუფლებას და დახმარებისთვის მიმართონ საერთაშორისო ორგანიზაციებს;
  • საზოგადოებრივი ორგანიზაციებისათვის კრიზისიდან გამოსვლის მისაღები გზა მოლაპარაკებაა. იქიდან გამომდინარე, რომ  ამ ეტაპზე ოპოზიციური პარტიებისა და ხელისუფლების ხედვა მოლაპარაკების საგანზე არათავსებადია, რასაც პოლიტიკური პროცესი ჩიხში შეყავს, მოლაპარაკება უნდა გაიმართოს ორმაგი დღის წესრიგით:  მსჯელობის საგნად უპირობოდ უნდა იქცეს როგორც ერთი, ისე მეორე მხარის წამოყენებული საკითხები. ამასთან, აუცილებელი პირობაა, უზრუნველყოფილი იყოს მოლაპარაკების პროცესის სათანადო გამჭვირვალობა;
  • საზოგადოებრივი ორგანიზაციები თხოვნით მიმართავენ საქართველოში მოქმედ დიპლომატიურ კორპუსსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს აქტიურად ჩაერთონ  ძალადობასთან ბრძოლისა და კრიზისის დაძლევის პროცესებში.

ხელისმომწერნი: 

1. ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი – ლია მუხაშავრია
2. ასოციაცია “სტუდია რე” – მამუკა ყუფარაძე
3. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია – თამარ ხიდაშელი
4. გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრი – თენგიზ ფხალაძე
5. დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბი – სოსო ცისკარიშვილი
6. ევროპული ინტეგრაციის ფორუმი – თამარ აბაშიძე
7. თანასწორობის ინსტიტუტი – მურმან პატარაია
8. კავკასიის ქალთა ქსელი – ნინო ციხისთავი
9. კავშირი “21-ე საუკუნე” – პაატა გაჩეჩილაძე
10. კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ქსელი – ალექსი შოშიკელაშვილი
11. კონსტიტუციური უფლებების დაცვის ცენტრი – კობა ბოჭორიშვილი
12. კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი – გიორგი ხუციშვილი
13. საერთო სამოქალაქო მოძრაობა “მრავალეროვანი საქართველო” – არნოლდ სტეპანიანი
14. სამეცნიერო საგანმანათლებო ასოციაცია “მსოფლიო ლაბორატორია” – მზია საყვარელიძე
15. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება – ეკა სირაძე
16. საქართველო-ესტონეთის ურთიერთობის ცენტრი – რამაზ ბახტაძე
17. სამხედრო ჟურნალისტების საერთაშორისო ასოციაცია – გიორგი ცხვიტავა
18. ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველო” – ქეთევან ხუციშვილი

 

გაგა ნიჟარაძე – ფსიქოლოგი
იაგო კაჭკაჭიშვილი – სოციოლოგი
ზვიად ქორიძე – ჟურნალისტი
ლაშა ტუღუში – ჟურნალისტი