სოციალური ინოვაციის ბანაკის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

12.04.2010

ვებ პროექტები “გადავარჩინოთ ხეები” (SaveTheTrees.am) და “მომაწოდეთ ინფორმაცია” (GiveMeInfo.ge) სოციალური ინოვაციის ბანაკის გამარჯვებულებად დასახელდნენ. ევროპელი ექსპერტებისგან დაკომპლექტებულმა ჟიურიმ საუკეთესო პროექტად “გადავარჩინოთ ხეები” მიიჩნია. სოციალური მედიის კონფერენციის “სოციალური მედია სოციალური ცვლილებებისათვის” მონაწილეებმა კი უპირატესობა პროექტს “მომაწოდეთ ინფორმაცია” მიანიჭეს. “გადავარჩინოთ ხეები”-ს პროექტის იდეა სომხეთიდან ჩამოსულ მონაწილეს მარიამ სუხუდიანს ეკუთვნის, “მომაწოდეთ ინფორმაციის” ავტორი კი ქართველი ჟურნალისტი, დავით ჩაგანავაა. ”გადავარჩინოთ ხეები” გარემოს დაცვისკენ მიმართული ვებ პროექტია, GiveMeInfo.ge კი მიზნად ისახავს  იმ  სამთავრობო უწყებებს გამოვლენას, რომლებიც ყველაზე ცუდად თანამშრომლობენ მოქალაქეებთან და მათ საჯარო ინფორმაციას არ აწვდიან.

სოციალური ინოვაციის ბანაკში  აზერბაიჯანელი, სომეხი და ქართველი ვებ დეველოპერები, გამოცდილი ჟურნალისტები,  მარკეტინგის სპეციალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, რომლებიც კარგად იცნობენ ქვეყნის სოციალურ საჭიროებებს და ამ პრობლემების გადაჭრის იდების გააჩნიათ, რომელთა განხორციელება ციფრული ტექნოლოგიების დახმარებით არის შესაძლებელი. 

ბანაკის მონაწილეები ექვს სხვადასხვა ჯგუფში გაერთიანდნენ. ჯგუფის წევრები სხვადასხვა ინტერესების, ცოდნისა და გამოცდილების მიხედვით დაკომპლექტდნენ. მათ ჟიურის მიერ შერჩეული ექვსი იდეა 48 საათში ინოვაციურ  ვებ პროექტებად უნდა გარდაექმნათ, შემუშავებული ვებ მოდელები კი  ჟიურისთვის და კონფერენციის მონაწილეებისთვის  წარედგინათ და პრეზენტაციისთვის გამოყოფილ 7 წუთში თავიანთი პროექტების უპირატესობაში დაერწმუნებინათ.

წარმოდგენილი ვებ პროექტები სხვადასხვა სოციალური პრობლემებისკენ იყო მიმართული. მათი მეშვეობით შესაძლებელია საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული პრობლემების დაფიქსირება (Give Me Info), ხელისუფლების მხრიდან არსებული პრობლემების უგულვებელყოფის პრობლემის გადაწყვეტა (No Problem), საზოგადოების ჩართულობა გარემოს დაცვისკენ მიმართულ ადვოკატირების კამპანიებში (Nature Speaks, Save the Trees). რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებზე საზოგადოების განათლება  (HealthHush),  სასურველი საშუალო სკოლების მოძიება, ინფორმაციის შეკრება და შერჩევა ( sCool).  მიუხედავად იმისა, რომ ექვსივე ვებ პროექტი  ინოვაციური და ამავდროულად, რეალურად განხორციელებადი იყო, ჟიურის თქმით, ექვს კონკურენტულ იდეას შორის “გადავარჩინოთ ხეები” და “მომაწოდეთ ინფორმაცია” ერთ კონკრეტულ პრობლემაზე ყველაზე მეტად იყო ორიენტირებული.

“ეს პროექტები სოციალური თანამშრომლობის განვითარებას მოემსახურებიან. ბანაკში გამარჯვებული პროექტები რეალურია. მეტიც, ექვსივე წარმოდგენილი პროექტის განხორციელება შესაძლებელია. ამისათვის ჟიურის ნებართვა ან პროექტის გამარჯვებულად გამოცხადება საჭირო სულაც არ იყო. მთავარია ახალგაზრდები ხვდებიან, რომ სოციალური მედია სოციალური პრობლემების გადაჭრის საშუალებას იძლევა. ამ პროექტების განხორციელებას ხელს ვერაფერი შეუშლის, რადგან  მათი განხორციელება ძალიან იაფი ჯდება, რაც ზოგადად ციფრული ტექნოლოგიის უპირატესობაა”-აღნიშნა სოციალური ბანაკის იდეის ავტორმა დან მაქ ქუილანმა. იგი საქართველოს  ახალი მედიის  რამდენიმე ევროპელ ექსპერტთან ერთად სტუმრობდა.

მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად პირველ ადგილზე გასული პროექტისთვის  ფულად ჯილდოდ 3000 დოლარი, ხოლო მეორეზე გასულისთვის 2000 დოლარი განისაზღვრა,  ფონდის გადაწყვეტილებით ორივე პროექტმა თანაბარი დაფინანსება-3000 აშშ დოლარი მიიღო.

გამარჯვებული პროექტი SaveTheTrees.am  არასამთავრობო ორგანიზაციებს და მოქალაქეებს გარემოს დაცვის საკითხების ადვოკატირებაში დაეხმარება.  ვებ გვერდი უშაჰიდის ვებ პლატფორმაზე (Ushahidi Platform) განთავსდება,   რომელიც მომხმარებლის მიერ ტყის გაჩეხვის ფაქტებთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვების და უშაჰიდის რუქაზე აგრეგირების საშუალებას იძლევა. გარდა ამისა, Google რუქებზე განთავსდება ის ადგილები, სადაც ტყის გაჩეხვა არაკანონიერად ხორციელდება.  დაინტერესებული პირებს შესაძლებლობა ექნებათ, ინფორმაცია სოციალური ქსელის Twitter-ის, Facebook-ის, ელ-ფოსტის და  მოკლე ტექსტური შეტყობინების (SMS) საშუალებით ერთმანეთს გაუზიარონ. “ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი რომ  ჩემი იდეა  გაიმარჯვებდა.  ვიცი, რომ ეს საკითხი ძალიან აქტუალურია, მაგრამ ამ პრობლემის აქტუალობა ჯგუფის წევრებმა იმდენად კარგად გაიაზრეს და საბოლოო იმდენად საინტერესო პროდუქტი მივიღეთ რომ გაოცებული ვარ”-აღნიშნავს მარიამ სუხუდიანი, “გადავარჩინოთ ხეები”-ს იდეის ავტორი.

მეორე გამარჯვებული ვებ პროექტის GiveMeInfo ძირითადი იდეა ხელისუფლების მხრიდან საზოგადოებისთვის საჯარო ინფორმაციის მიწოდების უარყოფის ფაქტების აღრიცხვა და გაანალიზებაა. აუდიტორიისგან პროექტის ავტორებმა საინტერესო რეკომენდაციები მიიღეს, რომლის გათვალისწინების შემთხვევაში, ვებ გვერდი უფრო მრავალფუნქციური გახდება და  გარდა ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული პრობლემების ფაქტების დაფიქსირებისა, მოქალაქეებს პრობლემის მოგვარების შესაძლებლობასაც მისცემს.

“ეს არის სოციალური აქტივობა, მაგრამ არა ტრადიციული ფორმით გამოხატული. ბანაკში შეკრებილი ადამიანები სოციალურ ცვლილებებზე არიან ორიენტირებულნი. მთავარია, რომ ჩვეულებრივი მოქალაქეები, რომლებიც კარგად იცნობენ სოციალურ საჭიროებებს  არ დაელოდონ არასამთავრობოების და ხელისუფლების ინიციატივებს და თავად შეუწყონ ხელი სოციალური პრობლემების გადაჭრისკენ მიმართულ ცვლილებებს”-აღნიშნავს ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს” მედიის მხარდაჭერის პროგრამის მენეჯერი ხატია ჯინჯიხაძე.

სოციალური ინოვაციის ბანაკის პარალელურად სოციალური მედიის პირველ საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობდა. მსოფლიოში წამყვანი ინოვაციური ტექნოლოგიური კომპანიების წარმომადგენლები, ვებ დეველოპერები, უნივერსიტეტების პროფესორები, არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ჟურნალისტები და ბლოგერები მონაწილეობდნენ და ერთმანეთს ცოდნას და გამოცდილებას უზიარებდნენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა:სოციალური მედია, როგორც სოციალური ცვლილებების კატალიზატორი; სამოქალაქო ჟურნალისტიკა და კონფლიქტები; მობაილ ჟურნალისტიკა; სოციალური მედიის როლი სამთავრობო გადაწყვეტილებების დროს; ტრადიციული და არატრადიციული მედიის როლი გარდამავალი დემოკრატიის ქვეყნებში; ბლოგინგი; სოციალური მედიის როლი სახალხო დიპლომატიის პროცესში, სოციალური ქსელები და სოციალური რევოლუციები.

სოციალური ინოვაციების ბანაკი  პირველად 2007 წელს, ლონდონში შედგა. 2009 წლის სექტემბერში ბრატისლავაში  ჩატარდა. საქართველოში ბანაკის ჩატარების იდეა სწორედ ბრატისლავას გამოცდილების შედეგად წარმოიშვა.

კავკასიის სოციალური ინოვაციის ბანაკისთვის შექმნილი სპეციალური ვებ გვერდის მეშვეობით შეიტყობთ უფრო მეტს ბანაკის შესახებ, გაეცნობით ჟიურის წევრებს, მონაწილეთა შერჩევის პროცედურებს, წაიკითხავთ ბანაკის ჩატარებამდე განხორციელებული ღონისძიებების შესახებ და ნახავთ დოკუმენტურ ფილმებს ბრატისლავაში და ლონდონში გამართულ სოციალური ინოვაციის ბანაკებზე. მალე კი თბილისში ჩატარებული ინოვაციის ბანაკის შესახებ დოკუმენტური ფილმის ნახვის საშუალებაც გექნებათ.

იხ. ღონისძიების დღის წესრიგი.