2009 წლის 25-26 დეკემბერს წავკისში გაიმართა ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის სერვისულ პროექტებში დასაქმებული სოციალური მუშაკების ტრეინინგი.ღონისძიება დაფინანსებული იყო ფონდ ,,ღია საზოგადოება – საქართველოს” მიერ.
ტრეინინგი მიზნად ისახავდა ზიანის შემცირების დარგში სოციალური მუშაკის ინსტიტუტის განვითარების ხელშეწყობას, სოციალური სამუშაოს ხარისხის გაუმჯობესებას და წამალდამოკიდებულებთან და მათ ოჯახებთან მომუშავე სოციალური მუშაკების კვალიფიკაციის ამაღლებას.
ტრეინინგის მონაწილეებმა განიხილეს წამალდამოკიდებულების მკურნალობის თანამედროვე მიდგომები, შემთხვევების მართვა (case management), სამართლებრივი ასპექტები და არსებული კანონმდებლობა, ჩანაცვლებითი თერაპიის მიდგომები, ინფექციური ჰეპატიტები, მათი მკურნალობის ხელმისაწვდომობა და ა.შ.
ტრეინინგი მიმდინარეობდა ინტერაქტიულ ფორმატში, რომელსაც თან ახლდა ვიზუალური მასალა. ჯგუფური მუშაობის მიდგომის გამოყენებით ხდებოდა ბენეფიციართა ახალ ჯგუფებზე გასვლის გზების, თანასწორგანმანათლებელთა შერჩევის და მომზადების, ბენეფიციარებთან კომუნიკაციის შესაძლებლობების იდენტიფიცირება. ცალკეულ შემთხვევათა მიმოხილვა-შესწავლის გზით გამოიკვეთა შპრიცების გაცვლის პროგრამების და ნებაყოფლობითი კონსულტირებისა და ტესტირების ცენტრების ბენეფიციართა ჯანმრთელობის პრობლემები, ინტერაქტიული დისკუსიით განხილულ იქნა ის ძირითადი მესიჯები და მეთოდები, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს პროგრამების კლიენტთა ჯანმრთელობის შენარჩუნებას.
ტრეინინგში მონაწილეობა მიიღო 48 სოციალურმა მუშაკმა თბილისიდან, თელავიდან, ზუგდიდიდან, სამტრედიიდან, ქუთაისიდან, ბათუმიდან და გორიდან. ტრეინინგის მონაწილეებს დაურიგდათ პრეზენტაციების ნაბეჭდი და ელექტრონული ვერსიები, მიეთითათ და გადაეცემათ დამატებით საკითხავი ლიტერატურა, რომელიც თავმოყრილია კომპაქტ დისკზე.