ტრენინგები საქართველოს ახალ საგადასახადო კოდექსში

21.04.2011

2011 წლის 14 აპრილიდან ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” ტრენინგ ცენტრში თბილისისა და რეგიონების არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის საქართველოს ახალ საგადასახადო კოდექსში ორდღიანი ტრენინგები დაიწყო. ტრენინგები ტარდება სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერისა და ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის პროგრამების შიდა პროექტის ფარგლებში “საქართველოს აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანიასთან” თანამშრომლობით.

ტრენინგებში მონაწილეობენ საზოგადოებრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელები, ფინანსური მენეჯერები და ბუღალტრები. ტრენინგის მონაწილეები შეირჩნენ კონკურსის საფუძველზე ფონდის მიერ შედგენილი და მონაწილეობის მსურველთა მიერ შევსებული განაცხადის საფუძველზე.  

არასამთავრობო ორგანიზაციების 55 წარმომადგენელმა უკვე გაიარა გადამზადების კურსი. აპრილის ბოლომდე კი დამატებით 40 მონაწილე გაეცნობა ახალი საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულ საგადასახადო აღრიცხვისა და ანგარიშგების წესებს.

ინტენსიური ტრენინგ პროგრამა მოიცავს როგორც თეორიულ მასალას, ისე პრაქტიკულ სავარჯიშოებს. კურსში ყურადღება გამახვილებულია შემდეგ საკითხებზე: 

Ø გრანტის დაბეგვრასთან დაკავშირებული საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისი დებულებები;
Ø “საზოგადოებრივ გაერთიანებათა საქმიანობის შეჩერებისა და მათი აკრძალვის შესახებ” საქართველოს კანონი;
Ø ახალი საგადასახადო კოდექსის დებულებების გავლენა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების დაბეგვრის რეჟიმზე;
Ø სპეციფიკური საკითხები გადასახადების ნაწილში ორგანიზაციის მიერ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში.