ა.წ 11-12 ივნისს, კახეთში, ლოპოტაში, ფონდმა “ღია საზოგადოება-საქართველომ” საქართველოს „სოციალური მომსახურების სააგენტოსთან” თანამშრომლობით ჩაატარა ტრეინინგი მოსამართლეებისთვის “ბავშვზე ზრუნვა, დეინსტიტუციონალიზაცია და არსებული კანონმდებლობა”.
ორი დღის განმავლობაში 13 მოსამართლეს (საქართველოს უზენაესი სასამართლო, თბილისის სააპელაციო სასამართლო, თბილისის საქალაქო სასამართლო და რაიონული სასამართლოები) მიეცათ შესაძლებლობა ინტერაქტიულ რეჟიმში სოციალური მომსახურების სააგენტოსთან ერთად ემსჯელათ ისეთ საკითხებზე როგორიცაა: შვილად აყვანა და გაშვილება, საქართველოში სოციალური დაცვის სფეროში გატარებული რეფორმები, დეინსტიტუციონალიზაცია, თანამედროვე მიდგომები ბავშვის აღზრდაში და სხვა.
ტრეინინგს გაუძღვნენ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის და ბავშვზე ზრუნვის დეპარტამენტის თანამშრომლები,სახალხო დამცველის წარმომადგენლები და სოციალური სფეროს ექსპერტები.
სემინარის დროს მოსამართლეებს მიეცათ საშუალება უშუალოდ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი პირებისაგან მიეღოთ ობიექტური ინფორმაცია მათთვის საინტერესო თემებზე და პირიქით. დიდი ყურადღება დაეთმო სოციალური მომსახურების სააგენტოს (როგორც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს) მუშაობას, ბავშვთა გაშვილების პრევენციას და იმ საკანონმდებლო საკითხებს, რომლებიც საჭიროა დაიხვეწოს.
ზემოაღნიშნული სემინარის პირველი დღე დაეთმო, სოციალური დაცვის თანამედროვე სისტემების და მათი განვითარების შესახებ, თეორიულ კურსს. თემიდან გამომდინარე, პარალელები იქნა გავლებული საქართველოში არსებულ ვითარებასა და მახასიათებელ თავისებურებზე. Pპირველი დღის მეორე ნაწილი სრულად მოიცვა საუბარმა ბავშვზე ზრუნვის რეფორმის ირგვლივ და წარმოდგენილი იქნა საქართველოში მოქმედი ბავშვზე ზრუნვის სერვისების ამომწურავი დახასიათება, რამაც მოსამართლეთა დიდი დაინტერესება გამოიწვია. მოსამართლეებს შესაძლებლობა მიეცათ გაცნობოდნენ ბავშვზე ზრუნვის ალტერნატიული სერვისების თეორიულ დახასიათებასა და ვიზუალურ მხარეს (ფოტო მასალითა და ვიდეო რგოლების საშუალებით).
სემინარის მეორე დღე გამორჩეული იყო სამართლებრივი ხასიათის დისკუსიების სიმრავლით, ვინაიდან იხილებოდა სოციალური მომსახურეობის სააგენტოს უმნიშვნელოვანესი ფუნქცების (შვილად აყვანა და მეურვეობა/მზრუნველობა) მარეგულირებელი ნორმები. Mმოცემული საკითხების ირგვლივ მონაწილეთა დაინტერესება გამოხატული იქნა მათი აქტიურობით, უამრავი საინტერესო კითხვითა და თანამშრომლობის ჭეშმარიტი სურვილით. მოსმენილ იქნა მოსამართლეთა შენიშვნები და რჩევები, რის საფუძველზეც დაინერგა კონკრეტული ღონისძიებები.