უფასო იურიდიული დახმარება ტერმინალურ სტადიაზე მყოფ პაციენტებს და ფილმის ჩვენება ”ადამიანის უფლებები და პალიატიური მზრუნველობა”

26.01.2010

 

 

8 ოქტომბერს,  სასტუმროში “თბილისი-მარიოტი” ფონდი “ღია საზოგადოება-საქართველო”   ახალი ინიციატივით გამოვიდა და საქართველოში მოქმედ იურიდიულ ფირმებს პალიატიური მზრუნველობის ქვეშ მყოფი პაციენტებისთვის უფასო სამართლებრივი კონსულტაციების გაწევისაკენ მოუწოდა.

პალიატიური მზრუნველობის ქვეშ მყოფი პაციენტებისთვის ერთ-ერთ მწვავე პრობლემას  წარმოადგენს მათი მოსალოდნელი გარდაცვალების შემდგომი სამართლებრივი შედეგები, რაც უკავშირდება ქონების გაყოფას, ოჯახის წევრებზე მზრუნველობას…მოქმედი პალიატიური მზრუნველობის ცენტრები(ჰოსპისები) ვერ ახდენენ პაციენტებისთვის საჭირო სამართლებრივი მომსახურების გაწევას.

შეკრების მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იურიდიული კომპანიების ინფორმირება  ახალი წამოწყების შესახებ. მიწოდებული მასალების საშუალებით მათ ნათლად დაინახეს უფასო იურიდიული დახმარების სისტემაში ჩართვის მნიშვნელობა. ღონისძიების დასაწყისში წარმოდგენილ იქნა დოკუმენტური ფილმი, რომელიც კონკრეტულად ერთი პალიატიური პაციენტის გარდაცვალების ტრაგიკულ ისტორიას და მისი უფლებების დარღვევის დეტალებს მოგვითხრობდა.

“მეტად მნიშვნელოვნად მიგვაჩნია დასავლური პრაქტიკის გათვალისწინებით, იურიდიული ფირმების მოტივაციის ამაღლება, უფასო სამართლებრივი კონსულტაცია გაუწიონ ტერმინალურ სტადიაში მყოფ პაციენტებს, რათა ოდნავ მაინც შეუმსუბუქონ ისედაც მძიმე სულიერი მდგომარეობა”-აღნიშნავს ფონდის საქართველო” კანონის, მედიის და ჯანმრთელობის ინიციატივის დირექტორი ნინო კიკნაძე.  

პროექტი ითვალისწინებს ასევე პალიატიური მზრუნველობის ცენტრების  თანამშრომელთა მომზადებას ელემენტარულ სამართლებრივ საკითხებში (მემკვიდრეობა (ანდერძი და კანონისმიერი მემკვიდრეობა), ჩუქება, შვილად აყვანა და ა.შ) ტრენინგებისა და სპეციალური საინფორმაციო მასალების მიწოდების გზით.

ზამოაღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად, ფონდის “ღია საზოგადოება-საქართველო” კანონის, მედიის და ჯანმრთელობის ინიციატივა დაუკავშირდა “კორძაძის საადვოკატო ბიუროს”, რომელიც ჯერჯერობით ერთადერთი იურიდიული ფირმაა, რომელმაც  გამოხატა კეთილი ნება, გაუწიოს პაციენტებს უფასო იურიდიული დახმარება.

საკონტაქტო პირი:
ნინო კიკნაძე
კანონის, მედიის და ჯანმრთელობის ინიციატივა