ფონდ ღია საზოგადოება-საქართველოს მედიაპროგრამამ დაიწყო ინგლისური ენის კურსები ჟურნალისტებისთვის

02.03.2011

2011 წლის 1 მარტს ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს” მედიაპროგრამამ დაიწყო ინგლისური ენის კურსები ჟურნალისტებისთვის.

პროექტი ,,ინგლისური ენის სწავლება მედიის წარმომადგენლებისთვის” 2010 წლიდან ხორციელდება ,,ფონდი ღია საზოგადოება-საქართველოს”, ბრიტიშ პეტროლეუმისა და HSBC ბანკის დაფინანსებით. პროექტის მიზანია ჟურნალისტებს შორის ინგლისური ენის ცოდნის ამაღლება, რაც ხელს შეუწყობს  მათთვის ინგლისურენოვანი წყაროების ხელმისაწვდომობას, დასავლური ჟურნალისტური სტანდარტების გაზიარებას ქართული მედიის უფრო ფართო წრის მიერ, ასევე ქართველი ჟურნალისტების უცხოელ კოლეგებთან კომუნიკაციის  გაადვილებას.

პროექტის განხორციელებაში მონაწილეობს ბრიტანეთის საბჭო, რომელიც უზრუნველყოფს კურსებს ,,საქართველოს ინგლისური ენის მასწავლებელთა ასოციაციის”  წევრი მასწავლებლებით.

გასულ წელს  სამცხე-ჯავახეთის, აჭარისა და იმერეთის რეგიონებში გახსნილ 5 ჯგუფში  55 ჟურნალისტი სწავლობდა ინგლისურ ენას.

კურსების მიმართ ჟურნალისტთა მხრიდან გამოჩენილი დაინტერესების გამო 2011 წელს ხსენებულ რეგიონებს დაემატა სამეგრელო, კახეთი და ერთი ჯგუფი თბილისში.  კურსების ხანგრძლივობა ცხრა თვეა.