5 ნოემბერს, ფონდის ოფისმა “პარტნიორობა საზღვრებს გარეშე” ფარგლებში მიმდინარე პროექტის “ახალგაზრდობის ხმა” მონაწილე ესტონელ და ცხინვალიდან დევნილ ახალგაზრდებს უმასპინძლა.
სტუმრებს ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, ქ-ნი ქეთი ხუციშვილი მიესალმა და ფონდის მუშაობა გააცნო. ახალგაზრდებმა დიდი მონდომებით უამბეს ფონდის წარმომადგენელს თავიანთი საქმიანობისა და მიღებული გამოცდილების შესახებ და მას კონკრეტული შეკითხვებითაც მიმართეს. შეკრების დასასრულს ესტონელმა მოსწავლეებმა ქართულად შესრულებული სიმღერა “საქართველო, ლამაზო” უსახსოვრეს ფონდს, რამაც დაადასტურა, რომ მსგავსი ინიციატივები უთუოდ შეუწყობს ხელს ახალგაზრდა თაობებს შორის მრავალმხრივი ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და გაღრმავებას.
ესტონელი ახალგაზრდები კოლგას სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის წარმომადგენლები იყვნენ, რომლებიც საქართველოში გორის მოსწავლეთა თვითმმართველობებთან შესახვედრად და გამოცდილების გასაზიარებლად ჩამოვიდნენ. გაზაფხულზე გორელი მოსწავლეები მსგავსი ვიზიტით ესტონეთში იმყოფებოდნენ. ესტონეთში ყოფნისას ქართველი მოსწავლეები გაეცნენ ესტონეთის სტუდენტთა თვითმმართველობის საქმიანობას, მის სამოქმედო გეგმას, სკოლის ადმინისტრაციის მონაწილეობას სხვადასხვა ღონისძიებებისა და კონკურსების საშუალებით ახალგაზრდების გააქტიურებაში, შეისწავლეს პროექტის მომზადება და შექმნეს ერთობლივი სტუდენტური ვებგვერდი-GORIKOLGA.wordpress.com.
“პარტნიორობა საზღვრებს გარეშე” პროგრამის “აღმოსავლეთი-აღმოსავლეთი” ფარგლებში ხორციელდება.
ნინო კიკნაველიძე
პროგრამა “აღმოსავლეთი-აღმოსავლეთი”