ფონდის “ღია საზოგადოება-საქართველო” დაფინანსებით 2007 წლის 3 დეკემბერს ახალციხეში მოეწყო კონფერენცია თემაზე: “დემოკრატიის განვითარების თავისებურებანი სამცხე-ჯავახეთში, რეალობა და სამომავლო პერსპექტივები”

20.01.2010


ფონდის “ღია საზოგადოება-საქართველო” დაფინანსებით 2007 წლის 3 დეკემბერს ახალციხეში მოეწყო კონფერენცია თემაზე: “დემოკრატიის განვითარების თავისებურებანი სამცხე-ჯავახეთში, რეალობა და სამომავლო პერსპექტივები” შეხვედრა ჩატარდა ფონდი “საერთაშორისო განათლების ცენტრის” მიერ განხორციელებული  პროექტის “თავისუფალი არჩევნები-დემოკრატიის მშენებლობის საშუალება” ფარგლებში. კონფერენციას ესწრებოდნენ სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სამთავრობო, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ადგილობრივი მედია საშუალებები

მოწვეული ექსპერტების, დავით დარჩიაშვილის და დავით ყიფიანის, მიერ გაკეთდა მოხსენებები დემოკრატიული პროცესების განვითარებაში არჩევნების როლისა და საზოგადოების ჩართულობის შესახებ. პროექტის ექსპერტმა-ფსიქოლოგმა, გულიკო ბექაურმა, შეაჯამა და დამსწრე საზოგადოებას გააცნო არჩევნების ხელშეწყობის კუთხით პროექტით გაწეული საქმიანობები.

კერძოდ, ოქტომბერში რეგიონის ექვსივე რაიონში (ახალციხე, ახალქალაქი, ასპინძა, ადიგენი, ნინოწმინდა, ბორჯომი) ამომრჩეველთა 60%-ს ჩაუტარდათ ინდივიდუალური კონსულტაციები ოჯახებში მისვლით. რისთვისაც წინასწარ კონკურსის წესით შეირჩა 200 კონსულტანტი, რომელთაც გაიარეს შესაბამისი მოსამზადებელი ტრენინგები. ამომრჩევლისთვის ქართულ, რუსულ და სომხურ ენებზე მომზადდა საინფორმაციო ბუკლეტები, რომელიც დარიგდა ოჯახებში კონსულტაციის პერიოდში.

კონსულტაცია გულისხმობდა მოსახლეობაში პოლიტიკური ინდიფერენტულობის დაძლევას, მოქალაქეთა საარჩევნო უფლებებში უკეთ გარკვევას და ამომრჩევლის დარწმუნებას მიუკერძოებელი, გააზრებული არჩევანის გაკეთების აუცილებლობაში.

კონსულტაციის პარალელურად მოხდა ამომრჩეველთა ანკეტირება საარჩევნო პროცესებთან და არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით. 2006 წლის მონაცემებით სამცხე-ჯავახეთში ამომრჩეველთა რაოდენობა შეადგენდა 138 277-ს. პროექტის ფარგლებში ინდივიდუალური კონსულტაცია ჩაუტარდა 70 056 ამომრჩეველს.

ანკეტების დამუშავების შედეგად აღმოჩნდა:

გამოკითხულ ამომრჩეველთა 58% არჩევნებზე მიდის და არჩევანს აკეთებს გააზრებულად, რაც მიგვანიშნებს, რომ საზოგადოების უმეტეს ნაწილს გაცნობიერებული აქვს საკუთარი ხმის მნიშვნელობა.

საზოგადოების ნაწილი  (51%) თვლის, რომ არჩევნები ტარდება დემოკრატიულად, ხოლო თითქმის იმდენივე (49%) მიიჩნევს, რომ საარჩევნო პროცედურები ჯერ კიდევ არ არის დემოკრატიული და გამჭვირვალე.

მომავალ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს საზოგადოების 93%, რაც მოწმობს, რომ პროექტით გაწეულმა საქმიანობამ პოზიტიური გავლენა იქონია ამომრჩეველთა გადაწყვეტილებაზე.

მთლიანად კონსულტაცია მიიღო 70 056 ამომრჩეველმა, რაც პროექტით გათვალისწინებული რაოდენობის 87%-ს შეადგენს.  13%-ს არ მიუღია კონსულტაცია სხვადასხვა მიზეზების გამო: მათი უმეტესობა გასულია რაიონიდან (ძირითადად სამუშაოდ ან სასწავლებლად), ნაწილმა კი უარი განაცხადა კონსულტაციის მიღებაზე.

კონფერენციაზე მოხსენებები გააკეთეს რაიონულმა კოორდინატორებმა, შეაფასეს ცალკეულ რაიონებში გაწეული საქმიანობები და მიღებული შედეგები.

შეხვედრზე აღინიშნა, რომ რეგიონში, სადაც უპირველეს პრობლემებად ინფორმაციის ნაკლებობა, ეთნიკურ-ლინგვისტური სტრუქტურა, უმუშევრობა, მიგრაცია, ეკონომიკური სიდუხჭირე სახელდება, დიდი მნიშვნელობა ენიჭება სწორ და მიუკერძოებლად მიწოდებულ ინფორმაციას, ვინაიდან ყოველივე ეს გავლენას ახდენს მოქალაქეთა განწყობაზე, მათ ღირებულებათა სისტემაზე, აქტივობაზე და ნდობის ფაქტორზე.