2008 წლის თებერვალში ქართული და უკრაინული საზოგადოებრივი ორგანიზაციების დაახლოების იდეის ირგვლივ მუშაობამ და უკრაინელ პარტნიორებთან არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებისათვის ურთიერთანამშრომლობის პროცესმა “ქართულ-უკრაინული სინერგიის” სახელწოდება მიიღო.
“ქართულ- უკრაინული სინერგიის” საწყის ეტაპს წარმოადგენდა 1-5 მარტს კიევში ჩატარებული სამუშაო შეხვედრები, მათ შორის მრგვალი მაგიდა და პრეს-კონფერენცია, რომელიც, არჩევნების გარდა, საქართველოში და უკრაინაში განვითარებული პოლიტიკური მოვლენების ირგვლივ წარიმართა.
საქართველოს მხრიდან შეხვედრის მინაწილეები იყვნენ სადამკვირვებლო მისიის მქონე 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებისას ფონდის “ღია საზოგადოება -საქართველო” მიერ მხარდაჭერილი არასამთავრობო ორგანიზაციების (“სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების”, “ახალი თაობა – ახალი ინიციატივის”, “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის”, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს”), მედია საბჭოს და ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველოს”, ასევე ეგზიტპოლის ჩატარებაში ჩართული ორგანიზაციების (მშვიდობის დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი, ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის) წარმოამდგენლები.
უკრაინული მხრიდან წარმოდგენილი იყო არჩევნების მონიტორინგში და ეგზიტპოლში ჩართული საზოგადოებრივი ორგანიზაციების, აკადემიური წრეების, აღორძინების (ღია საზოგადოების უკრაინის) ფონდის, უკრაინის რადის, საგარეო საქმეთა სამინისტროს, ინტერნიუს-უკრაინის, უკრაინული მედიის წარმომადგენლები. შეხვედრებში ასევე ჩართულნი იყვნენ უკრაინაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები. ცალკე შეხვედრები ჩატარდა “სუამის” გენერალურ მდივანთან ბატონ ვალერი ჩეჩელაშვილთან, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ბატონ ალექსანდრე ვესელოვსკისთან.
“ქართულ-უკრაინული სინერგია” არ შემოიფარგლება მხოლოდ 1-5 მარტის ერთჯერადი ვიზიტით და განხილვის საგანია ქართული და უკრაინული ორგანიზაციების შემდგომი ურთიერთთანამშრომლობის თემა ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებებით, როგორიც არის 2008 წელს საქართველოს პარლამენტის არჩევნების სამართლიანად და დემოკრატიულად ჩატარების ხელშეწყობა, ნატოში გაწევრიანების საკითხები, “სუამ”-თან თანამშრომლობა და ევროკავშირთან დაახლოება.
პროექტის საწყისი ეტაპი ფონდის “ღია საზოგადოება – საქართველო” კანონის უზენაესობისა და საჯარო ადმინისტრირების პროგრამის, “უკრაინის აღორძინების” და “დემოკრატიული ინიციატივების” ფონდების დაფინანსებით და მხარდაჭერით განხორციელდა.
თინიკო ბოლქვაძე
ფონდის “ღია საზოგადოება – საქართველო” კანონის უზენაესობისა და საჯარო ადმინისტრირების პროგრამის კოორდინატორი