შეხვედრა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის ცენტრის მუშაობაზე

12.07.2013

2013 წლის 10 ივლისს  საქართველოს სახალხო დამცველმა გამართა  სამუშაო საკოორდინაციო შეხვედრა დონორ ორგანიზაციებთან  პრიორიტეტების, თანამშრომლობისა  და პარტნიორობის თაობაზე. 
  
ღონისძიება გახსნეს სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა და ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველოს” დირექტორმა ქეთი ხუციშვილმა. 
  
სახალხო დამცველის აპარატის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს წარუდგინა მიმდინარე წლის ანგარიში, რომელშიც ასახულია ცენტრის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართ. 
  
რეკომენდაციებში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა გაეროს 2006 წლის 13 დეკემბრის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენციის რატიფიცირების  საკითხს. 
  
ასევე წარმოდგენილი იყო რეკომენდაციები, რომელთა შესრულება მნიშვნელოვანია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების უზრუნველსაყოფად. 

სახალხო დამცველის აპარატის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა მოწვეულ სტუმრებს გააცნო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ცენტრის საქმიანობის გეგმები. საუბარი შეეხო ცენტრის სტრატეგიისა და 3 წლიანი სამოქმედი გეგმის შემუშავების საკითხს, ამ მიმართულებით რეგიონული ოფისების გაძლიერებას. აღინიშნა, რომ სათანადო მხარდაჭერის შემთხვევაში, ცენტრი გეგმავს ხანდაზმულთა უფლებების დაცვის კუთხით საკანონმდებლო ბაზის ანალიზსა და ხანდაზმულთა უფლებების დაცვის მექანიზმების გაძლიერებას, საქართველოსა და ავღანეთში საომარი მოქმედებების დროს დაშავებული, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ჯარისკაცთა უფლებრივი მდგომარეობის ანალიზს და ზოგადად, შეზღუდული შესაძლებლობები მქონე პირთა უფლებების შესახებ საგანმანათლებლო საქმიანობის გაძლიერებას.